განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საჭიროა სასწავლო პროგრამის თანამედროვე ბავშვზე მისადაგება. ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ გაკეთდება ისეთი პროგრამა, რომელიც ასაკთან შესაფერისი და სახალისო იქნება. როგორც მან აღნიშნა, მთელ მსოფლიოში, დამახსოვრებაზე ორიენტირებულ სისტემებს აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემები ცვლის.
„არ შეიძლება, მე-7 კლასელი იყოს გადატვირთული და 10 საათამდე მეცადინეობდეს, მე-12 კლასელს კი საქმე არ ჰქონდეს. ადამიანის ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური შესაძლებლობები ტემპს პირიქით, პატარიდან მზარდისკენ მოითხოვს. წესით, პირველ კლასელს სულ უნდა ვეთამაშოთ, მე-12 კლასელმა კი, წიგნიდან თავი ვერ უნდა ასწიოს. არ შეიძლება, მე-5 და მე-6 კლასელს რეპეტიტორი სჭირდებოდეს. ბავშვი სწავლას თვითონ უნდა ახერხებდეს და საჭიროების შემთხვევაში, მას მშობელიც უნდა დაეხმაროს.
ჩვენ ვზრდით მოქალაქეებს მომავლისთვის და მომავალში მათ რა ცოდნა დასჭირდებათ, ჩვენ არ ვიცით. ამიტომ, ბავშვებს სწავლა უნდა ვასწავლოთ და შევაყვაროთ, რომ როცა მომავალში ახალი ტექნოლოგიები და რაღაცები შემოვა, რაც დღეს არ არის, ბავშვმა ღრუბელივით შეიწოვოს.
მაგალითად, ძველად თუ მნიშვნელოვანი იყო, ბლეზ პასკალი რომელი წლის რომელ დღეს დაიბადა, ახლა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, პასკალსა და ნიუტონს შორის რა განსხვავებაა. როგორც კი საზეპიროებთან დაკავშირებით რაღაც ვთქვი, ხალხს მაშინვე გალაკტიონი, „ვეფხისტყაოსანი" და ჰაგიოგრაფია გაახსენდა, მაგრამ საუბარი იმაზეა, ბავშვებს ქიმიური ელემენტების მოლურ მასებს, ან მდინარის შენაკადების რაოდენობას რატომ ვამახსოვრებინებთ. საუბარი იმაზეა, რომ მეხსიერება კი არ გავაუქმოთ, მას ცოტა მოვაკლოთ და ეს ცოტა აზროვნებას და ანალიტიკას მივუმატოთ.
დაწყებითი კლასები სახალისოა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ხალისი შენარჩუნდეს. ამისთვის მეტი ინტელექტუალური თამაში, ვიქტორინებში და იგივე საზეპიროებში შეჯიბრის ჩატარებაა საჭირო. ჩვენ ზღაპრული მასწავლებლები გვყავს, რომლებიც ისეთ გაკვეთილებს ატარებენ, ამერიკის და ევროპის ნებისმიერ სკოლას შეშურდება. მათი გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ, რომ იყოს მეტი ხუმრობა, იუმორი, შეჯიბრი თამაშ-თამაშში და რაც მთავარია, ბავშვი ამ ყველაფერში ჩართული იყოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.