logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა წილკნელ-ურბნელი მიტროპოლიტყოფილი გაიოზი (კერატიშვილი)
- +

20 მარტი. 2016. 02:01

 

რამდენიმე საათის წინ ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა წილკნელ-ურბნელი მიტროპოლიტყოფილი გაიოზი (კერატიშვილი). ინფორმაციას ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.



მიტროპოლიტი გაიოზი, ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი, დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში.


1963 წელს დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა, რის შემდეგ ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო მანამდე თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს, სასულიერო განათლების მისაღებად ჩაერიცხათ მცხეთის ახალგახსნილ სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ პატრიარქის კანცელარიამ სამხედრო ბეგარის მოუხდელობის გამო უარი უთხრა საბუთების მიღებაზე.


1965 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ აღდგენილ იქნა თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ - პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად.


ახალგაზრდობიდანვე რაიონული და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ხასიათის სამეცნიერო წერილებს, სტატიებს. ბიძინა კერატიშვილი ახლოს იცნობდა საგარეჯოს წმიდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარს არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძეს, რომელიც 1903 წლიდან იყო შემოსილი. მამა ევაგრე საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცოცხალი მატიანე იყო, მას ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობდა ბიძინა კერატიშვილი. მამა ევაგრე დიასამიძემ დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდის მსოფლმხედველობის ფორმირებაში, მისი რეკომენდაციით წარსდგა იგი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის წინაშე.


პატრიარქმა ეფრემმა დაიახლოვა პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელიც უკვე სისტემატურად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს სიონის საპატრიარქო ტაძარში. აქ მისი მოძღვარნი და მასწავლებლები იყვნენ: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია, დეკანოზები: პახუმ ობოლაძე, ალექსანდრე ჩაჩუა. მეგობრობდა არქიდიაკონ ამბროსი ახობაძესთან.


1969 წელს უწმიდესი ეფრემ II-ის რჩევით, ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევით, დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად. 1971 წლის 15 ნოემბერს ბიძინა კერატიშვილმა ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს - „უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო! მსურს შევიმოსო ხარისხით მონაზონობისა და უმორჩილესად გთხოვთ ინებოთ და მიმაღებინოთ მადლი საიდუმლო მღვდელობისა, „რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა". მსურს, თქვენო უწმიდესობავ, დღენი ცხოვრებისა ჩემისანი სრულის სიყვარულით განვვლო ღვთისა და კაცთა და საქართველოს დედა ეკლესიის სამსახურში. ვსასოებ ყოველივე ესე, მეოხებითა ყოველთა წმიდათა და ლოცვითა თქვენი უწმიდესობისა - შემაძლებინოს მრავალმოწყალე იესო მაცხოვარმა, „რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლათ!"



1971 წლის 14  დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. 17 დეკემბერს ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად, 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად.


მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს მას ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1972 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს დაუგზავნა შეტყობინება მღვდელმონაზონ გაიოზის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანის შესახებ და გამოითხოვა წერილობითი პასუხი.


1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), თეთრწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი). სინოდმა წილკნელ ეპისკოპოსად გამოარჩია მღვდელმონაზონი გაიოზი. 26 მარტს დიდმარხვაში ბზობის კვირიაკის წინა კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი წილკნელ ეპისკოპოსად კურთხევა, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოქმედი მღვდელმთავარი. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სიტყვით მიმართა ეპისკოპოს გაიოზს, სამღვდელმთავრო მოღვაწეობისათვის გზა დაულოცა  და აღნიშნა, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას მოციქულთა მადლის მატარებელი კიდევ ერთი მღვდელმთავარი შეემატა...


სამადლობელ სიტყვაში ეპისკოპოსმა გაიოზმა აღუთქვა მის უწმიდესობას, სინოდის წევრებს და მორწმუნე საზოგადოებას, რომ ძალასა და ენერგიას არ დაზოგავდა საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ იმის ღრმა რწმენით, რომ საეკლესიო მოღვაწეობის დიდ და ძნელ გზაზე მას შეეწეოდა ერისა და სამღვდელოების თანადგომა და დიდ წინაპართა ლოცვა ზეციური საქართველოდან.


1972 წლის 26 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.


1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II. ამავე დღეს გამართულმა წმიდა სინოდის სხდომამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი) აირჩია. 1 ივნისს გამართულმა XI საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მოსაყდრე მიტროპოლიტი დავითი აირჩია... უწმიდესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად და სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში იგი კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს. სემინარიაში დაარსდა ანტონ კათოლიკოსის სახელობის საქართველოს ისტორიის კათედრა, კედლის გაზეთი „სვეტიცხოველი", გამდიდრდა სემინარიის ბიბლიოთეკა, სავალდებულო საგანად შემოვიდა ინგლისური, სემინარიას ეწოდა „ანდრია პირველწოდებულის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარია". ეპისკოპოს გაიოზის რექტორობის ჟამს სემინარიაში სწავლობდნენ მიტროპოლიტები: ზოსიმე (შიოშვილი), ვახტანგი (ახვლედიანი), მთავარეპისკოპოსები: იოანე (ანანიაშვილი), თადეოზი (იორამაშვილი), პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დეკანოზი უშანგი ჩარკვიანი. ეპისკოპოს გაიოზის ინიციატივით მოწესრიგდა სვეტიცხოვლისა და წილკნის საეპისკოპოსოს არქივი. მან თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დაუკვეთა და დაამზადებინა უძველესი ქართული ხატების ზუსტი ასლები და სპეციალურ კიოტებში მოთავსებული დაასვენა სვეტიცხოველში. როგორც წილკნელმა ეპისკოპოსმა, დაამზადებინა X საუკუნის წილკნის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც დროებით სვეტიცხოველში მოათავსა იმის იმედით, რომ როდესმე ეს ხატი მის ისტორიულ სამყოფელში, წილკნის საკათედრო ტაძარში დაიდებდა ბინას.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ეპისკოპოს გაიოზის საგამომცემლო საქმიანობა. 1973 წლიდან იგი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელსაც შეუცვალა პროფილი, 10 საგამომცემლო თაბახიდან გაზარდა 30-მდე და აქცია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის კრებულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმხანად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა არც პერიოდული ჟურნალი და არც სასულიერო გაზეთი, საეკლესიო კალენდარი იყო ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მორწმუნე მრევლთან სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ურთიერთობა.


1973-1977 წლებში გამოცემული კალენდრები გამორჩეული იყო როგორც პოლიგრაფიული ხარისხით, ასევე შინაარსით, რომელნიც მოიცავდა საქართველოს ისტორიის, ეკლესიის ისტორიის, ქართულ ენასა და ლიტერატურის აქტიურ პრობლემებს. ამ გამოცემისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ მადლობის წერილები მიიღო ვატიკანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. 1976 წლის კალენდარი განსაკუთრებით გამორჩეული იყო. აქ ისტორიული ხასიათის მასალებთან ერთად პირველად დაიბეჭდა საეკლესიო სამართლის ისეთი უძველესი ძეგლი, როგორიცაა „მოციქულთა კანონები", განვრცობილი ცნობები მსოფლიო საეკლესიო კრებათა შესახებ, ეპისკოპოსის ხელდასხმისა და პატრიარქის აღსაყდრების წესები, ძველი ქართული ენის გამოკრებილი ლექსიკონი, ძველი ქართული სამოხელეო ტერმინები.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაუახლოვდა ბიძინა კერატიშვილს და აფასებდა მის ნიჭიერებას. იმხანად ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა მას აჩუქა მაცხოვრის ჯვარცმის ხატი ასეთი წარწერით: „ამ წმიდა ჯვარცმას ვჩუქნი ჩემს მეგობარ ბიძინა კერატიშვილის. ამ წმიდა ჯვარცმით ვიმედოვნებ, რომ ერთ დროს იგი კარგი მღვდელმთავარი იქნება". 1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი გაიოზი დაჯილდოებული იყო საქართველოსა და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ორდენებით. მონაწილეობდა მოსკოვსა და პრაღაში მართლმადიდებელ ეკლესიათა ფორუმებში. საპატრიარქოში მუშაობის პერიოდში იგი დაუახლოვდა ქართველ მეცნიერებს: აკაკი შანიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილის, შალვა ამირანაშვილს, ავლია ზურაბიშვილის, იოსებ მეგრელიძეს, შერმადინ ონიანს, ქეთევან ნუცუბიძეს. მწერლებს: ლევან გოთუას, რევაზ ჯაფარიძეს, ახალგაზრდობიდანვე მეგობრობდა პოეტ-აკადემიკოს გიორგი ლეონიძესთან...


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner