საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო „პალიტრის" გადაცემა „რეზიუმეში" სტუმრობისას თავის განცხადებათან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მან თქვა განათლების მინისტრებმა მასწავლებლის პრესტიჟი დააგდესო, „ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის დრო იგულისხმა. როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, მან ამ ნათქვამში იგულისხმა შემთხვევები, როდესაც პედაგოგებს პოლიტიკური ხასიათის დავალებები ჰქონდათ მიცემული. ჯეჯელავას თქმით, დღეს მსგავსი ფაქტები აღარ ხდება.
„სრულიად გამორიცხულია ამ არჩევნებზე სკოლის ადმინისტრაციული რესურსის რამდენადმე ორგანიზებული ფორმით მონაწილეობა. ცალკეული შემთხვევები სადაც იყო, რეაგირება მოვახდინეთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრი ზოგადად შეეხო ასევე გასულ პერიოდს და აღნიშნა, რომ იყო სიტუაციები, როდესაც მასწავლებლებს განცხადებებს აწერინებდნენ და ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ.