ავტორი ნინო ჯიბუტი
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას „რეპორტიორთან" ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კადრები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში იქნებოდა გადაღებული და სწორედ მათ აწყობთ ასეთი ფარული ვიდეოკადრების გავრცელება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ თუ არ მიიღო უმკაცრესი ზომები და არ დასაჯა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არაერთი დანაშაულების გამო, რომელიც დღესაც გრძელდება, ხალხი ქუჩაში გამოვა და მათი ლინჩის წესით გასამართლებას დაიწყებს.
„ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ფაქტია, რომ ინახებოდა ამ ჩანაწერების ასლებიც და ორიგინალებიც. ამით მთელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა შანტაჟი, ადამიანების დაშინება... ბინების, ბიზნესების გადაფორმება, ათასი უბედურება... ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის" მიერ სახელმწიფოს მართვა დაყრდნობილი იყო ამ ფარულ ჩანაწერებზე. ორი თუ სამი დღეა ვისმინეთ ყოველად უზნეო და კრიმინალი პიროვნებების - ბოკერიას, თარგამაძის, ამ დანაშაულების ჩამდენი მათი მოძმეების მხრიდან დემაგოგიას. სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლამდე ამ კადრებზე მუშაობდნენ. იღებდნენ, ამონატაჟებდნენ, ავრცელებდნენ, ამის მერე შეკითხვის დასმაც არ შეიძლება, ვისი ხელი ურევია ამ საშინელ დანაშაულში!
ხელისუფლება იმაშია დამნაშავე, რომ არ გაასამართლა და არ დასაჯა „ნაციონალური მოძრაობა". ბოლო შანსი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქართველი ერის წინაშე როგორც დამნაშავე გასამართლდეს, მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. მათი დანაშაულები დღესაც გრძელდება. საბოლოო ჯამში, ალბათ, იქამდე მივალთ, რომ ქუჩაში გამოსვლა და მათი ლინჩის წესით გასამართლება მოგვიწევს. ქართველ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ახლა არ არის დრო, ფეხიფეხზე გადავიდოთ და „ფეისბუქში" ველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება და ა.შ. ამის დრო ნამდვილად არ არის. ახლა არის მოთხოვნის დრო! ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გასამართლდეს. უნდა გასამართლდეს, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარ ერს ღირსება აყარა. ეს ყველაფერი მათი დანერგილია და რა თქმა უნდა, თუ ვინმეს აწყობს მსგავსი ვიდეოების გავრცელება, მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", პირადად ბოკერიას მიერ არის განხორციელებული, სააკაშვილის კარნახითა და დავალებით. არავის აქვს უფლება, რომ ერს თითი უქნიოს და ღირსება აყაროს.
თუ „ნაციონალების" დასჯის საკითხი არ დადგება, ჩვენ, ხალხმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს კრიმინალები დავსაჯოთ. ჩვენ ხომ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ახლა კი ჩვენს შვილებს რყვნიან და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ. ეს არის უტიფრობა, რასაც ისინი სჩადიან", - აცხადებს ხოფერია.