logo_geo
eng_logo
მაია ბათიაშვილი: მცირედი ამონარიდები ირაკლის ახალი წიგნიდან...
- +

10 ნოემბერი. 2016. 03:39



უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილისოციალურ ქსელში წერს:



დღეს ირაკლის ახალი წიგნი გამოვიტანეთ სტამბიდან:


„...ფილოსოფია ვერ გამოიწვევს ვერავითარ უშუალო ცვლილებებს მსოფლიოს ამჟამინდელ მდგომარეობაში. ეს ეხება არა მხოლოდ ფილოსოფიას, არამედ ყველა წმინდა ადამიანურ განზრახვასა და ქმედებას. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჯერ კიდევ გვიხსნას. ჩვენ გვრჩება ერთადრთი შესაძლებლობა: აზროვნებასა და პოეზიაში შევამზადოთ მზაობა ღვთის გამოცხადებისათვის ან კიდევ ღვთის არყოფნისა და ჩვენი დაღუპვისათვის; მზაობა იმისთვის, რომ დავიღუპოთ არმყოფი ღვთის წინაშე",- მარტინ ჰაიდეგერი


................


„...ფილოსოფია როგორც ღმერთის მოლოდინი...გავაღვიძოთ მოლოდინის მზაობა...სხვა აზროვნება... სხვა გზა...


ყოფიერების დავიწყება, ყოფიერებისგან დაშორება დასავლური მეტაფიზიკის ისტორიაა. მეტიც, ეს ყოფიერების ისტორიაა!..


...დიახ, ლაპარაკია დასავლური მეტაფიზიკური აზროვნების ისტორიაზე, როგორც ყოფიერეის ისტორიაზე: ეს არის გზა ჰუმანიზმისაკენ, მეცნიერული პროგრესისაკენ, პლანეტარული ტექნიკის დომინაციისაკენ, ძალაუფლების, მართვის და კონტროლის უნივერსალიზაციისაკენ და საბოლოო ჯამში, ნიჰილიზმისაკენ. ამ ისტორიის უდიდეი ადეპტებია: პლატონი, არისტოტელე, დეკარტე, კანტი, ჰეგელი, ნიცშე... ნუთუ გვგონია, რომ ჰაიდეგერი ზიზღითა და ჰობიითაა შეპყრობილი მათ მიმართ? ან პატივს არ მიაგებს მათ გენიალობას? ან აღტაცებული არაა მათი აზროვნების მასშტაბებით? ნუთუ ასეთი გონებაჩლუნგები ვართ?..


....


..მე აღარ შევეხები შავი რვეულების" სხვა ფრაგმენტებს, რითაც თითქოსდა ასევეა მხილებული ჰაიდეგერის ანტისემიტიზმი, ვინაიდან პრინციპში იმავე ვითარებასთან გვაქვს საქმე, რაც ზემოთ განვიხილეთ და შესაბამისად, დაახლოებით იგივეს თქმა მომიწევდა. ყველა შემთხვევაში აშკარაა ან სრული უცოდინრობა ჰაიდეგერის ფილოსოფისა ან მისი შეგნებული კომპრომეტაციის მცდელობა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ისტორიის ქარი ერთხელ და სამუდამოდ გაფანტავს ამ ცილისწამებლურ ჭუჭყს და ტალახს... დარჩება საქმე... მართლაცდა, სამარადისო საქმე მარტინ ჰადეგერისა და არა ის ე.წ. ყბადაღებული "საქმე", რომელიც ხვალ არავის ემახსოვრება...


...............


...რას ნიშნავს ეს ფენომენი, რომელსაც ვუწოდებთ "არის"? ეს არის ფილოსოფიური აზროვნების ამოსავალი წერტილი (მაშასადამე, შექსპირი ყოფილა ფუნდამენტური ონტოლოგიის მამა... არა, ეს ისე, სალაღობოდ! თუმცა რატომაც არა... ჰამლეტი... "ტო ბე ორ ნოტ ტო ბე, ტჰატ ის ტჰე ქუესტინ!"


ამგვარად, უპირველეს ყოვლისა, კითხვა ყოფიერების საზრისის თაობაზე უნდა დაისვას, ხოლო ყოველი კითხვა არის ძიება. თანაც მუდამ მხედველობაში უნდა გვქონდეს ის ვითარება, რომ ყოფიერის ყოფიერება არ არის თავად ყოფიერი...


...............


...და აი, წამოვიდა შინაგანი ნაკადი: რაღაც პერცეპციები, ასოციაციები, აზრები... როგორ ვიკეტები! როგორ განმსაზღვრავს ეს მიმდინარე, ეს წვრილმანები... დეტერმინიზმი...ღმერთო გამიხსენი მეორე სუნთქვა!..


..."მდუმარება მთელ სამყაროს იცავს"... ტერენტი, ტერენტი... ის, რაც მიუწვდომელი რჩება ფილოსოფური რეფლექსიისთვის, შეიძლება გაიხსნას პოეზიისთვის... "მოწყენა მოსდევს ამნაირ ავდარს, მე ხომ ვიგრძენი მთელი სამყარო"...


..............


....რატომ ჩავრთე ჩემი ე.წ. ცნობიერების ნაკადი ანუ პირადი ასოციაცები ამ წიგნში? თითქოსდა რა შუაშუაშია... სინამდვილეში კი ძალიან შუაშია! ჩვენს ცხოვრებაში სამყარო-ში-ყოფნის გაცნობიერების უნიკალური აქტები მეთოდური ფილოსოფიური აზროვნების პროდუქტი ხომ არაა, არამედ სპონტანურ, ინტიმურ და ხშირად ალოგიკურ აზრთა ნაკადში "შობილი" გაელვებებია; და სწორედ ამიტომაც გდავწყვიტე მკითხველისთვის წარმომეჩინა ჩემი რაღაც-რაღაც ასოციაციები, სადაც სპონტანურად იბადებოდნენ ხოლმე "სამყარო-ში-ყოფნის" ეს უნიკალუი განცები...


........... ..


.....ომარ ხაიამ! ეს განსაცვიფრებელი მოვლენა... ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ახლა ძალიან მომინდა მისი რობაიების თავიდან გადაკითხვა...


"ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა,


რადგან ყოველი დაქცეულა, არ არსებულა,


არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო


არსებული კი მიიჩნიე არარსებულად".


მეთერთმეტე საუკუნის ირანი და ასეთი ექსისტენციალური პოეტური აზროვნება... გავა კიდევ საუკუნეები და იგი კვლავაც თანამედროვე იქნება... მარადიული ომარი...


"დალიე ღვინო, ვინ რა იცის, საიდან მოხვალ,


ლაღად იცხოვრე, ვინ რა იცის, საითკენ წახვალ".


ბრწყინვალე ასტრონომი, მათემატიკოსი... და მაინც იგი დიადი გახდა ამ პატარა რობაიბით.. მართლაცდა ექსისტენციელური აზროვნების ნიმუში... და რამდენით ასწრებს იმავე ეპოქის ევროპას!


"სიცოცხლის აზრი ყოველგვარი - ერთი სუნთქვაა".


დროებით დაგემშვიდობები, ომარ! ხელახლა უდიდესი სიამოვნება მომანიჭე... ახლა კი დავუბრუნდები ყოფიერება და დრო"-ს... თუმცა, ალბათ, მალე ისევ მომენატრება... ეს საოცარი სტრიქონები მომენატრება...


"ქვეყანა ნახე და რაც ნახე - არაფერია


რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე - არფერია,


გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე - არაფერია,


თუ გინდ ქვეყანა გადალახე - არაფერია".


...................


სიკვდილის წინაშე ყოფნა, ე.ი. ძრწოლა თვალებს ამიხელს და დამანახებს, თუ რაოდენ ფაქტობრივად ჩაკარგული ვარ ჩემს ყოელდღიურობაში, სადაც ჩემ თავს არ ვეკუთვნი, არამედ "მანს"; თუ რამხელა "ტყუილში" ვცხოვრობ... და სწორედ ეს მანიჭებს შესაძლებლობას, თავი დავაღწიო "მანის" მარწუხებს... სიკვდილი მხოლოდ ინდიფერენტულად საკუთარ მუნყოფიერებას კი არ "მიეკუთვნება", არამედ პრეტენზიას აცხადებს მასზე, როგორც ერთეულზე...


..............


...და გაუჩინარდება ეს ირაკლი ბათიაშვილიც... და ჩაიფერფლება მისი განუმეორებელი ცხოვრებაც ამ უზარმაზარ სამყაროში თავის წარსულის და მომავლის უკუნეთით, თავისი უთვალავი გალაქტიკებით... თითქოს გულისტკივილი გეუფლება, არა, როდესაც ამაზე ფიქრობ? თითქოსდა რაღაც გეთანაღრება! ეს ირაკლი ბათიაშვილი, მისი ცხოვრება ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ჩანს თავად ჩემთვის, მეტ-ნაკლებად კიდევ ვიღაც სხვებისთვისაც... და რა უმნიშვნელო ჩანს მისი ცხოვრება სამყაროს გრანდიოზული მასშტაბების ფონზე! არც კი "ჩანს" საერთოდ... რა უცნაურია! პერსონას განუმეორებლობა, რომელიც ერთი მხრივ, ასეთი ძვირფასია და მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ კი - არაფერია...


..................


...აზროვნების ეს სხვა გზა საბოლოო ჯამში ცხოვრეის სხვა გზაა: შენ საკუთრივ ექსისტირებ და მაშასადმე "ბინადრობ" არ უბრალოდ რაღაც გარემოში, არამედ იმავდროულად პერმანენტულად გახსნილი ხარ სამყაროული მთლიანობისთვის: ესაა ყოველწუთიერი მზადყოფნა სიკვდილისათვის, ზღვარზე დგომა, უდიდესი გაბედულება, უდიდესი რისკი... ექსისტირებ და მაშასადამე, არასოდეს განიცდი გახევებას, გაქვავებას რაღაც მყარ პერსონალურ ყალიბში, ვინაიდან შენ ხარ შესაძლებლობათა უსასრულო სპექტრი და უწყვეტი დინამიკა, გარდაქმნა, დიფერენციაცია, ტრანსფორაცია... ექსისტირებ და მაშასადამე, სუნთქავ საზრდოობ, იმუხტები უპირატესად არა ყოფიერით, არამედ ყოფიერებით... იმით, რაც თავად არარსებულია... შენი ენერგიის წყარო ეს არარაა... შენ იხედები ამ არარასკენ: შენ ხარ თავად ღმერთის მოლოდინი, მუდმივი მზაობა მსი მოახლოებისა ან საბოლოო კატასტროფისათვის!


რაც უფრო დიდია გამოწვევა, რაც უფრო დიდია საფრთხე, მით უფრო იზრდბა შანსი შენი დიდი ტრანსფორმაციისა და გადარჩენის, ან კიდევ სრული გადაგვარების... შენი მზაობა მოლოდინი ღვთისა ან წარმოუდგენელ სიმაღლეზე ავა, ან კიდევ საბოლოო კრახს განიცდის. აი, ამას გულისხმობს ჰაიდეგერისეული სხვა გზა: შენი არსებობის კარდინალურად ახალ დონეს - სრულ ტრანსფორმაციას და სრულიად ახალ რელიგიურ სულისკვეთებას. ოღონდ ეს ერთეულთა ხვედრია! მაგრამ ისტორიას ხომ აზრი აქვს ასეთი ერთეულების არსებობის გამო: სხვა ყველაფერი წიდა და ნანგრევებია!.."


ირაკლი ბათიაშვილი - „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა".


ეს არის მცირედი ამონარიდები ირაკლის ახალი წიგნიდან „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა".


ირაკლის ეს წიგნი, მე ვიტყოდი, მართლაც, ფილოსოფიაში ახალი სიტყვაა. სიტყვები არ მყოფნის, ძალიან საინტერესოა, ახალია, შესანიშნავია! ბრავო!"













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner