საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელშიც უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები შედიოდნენ, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა შეისწავლა. აი, აქედან უკვე ნათლად ჩანს, თუ რა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, მისი მარჯვენა ხელი - ნათია მოგელაძე და როგორ აყაჩაღებდნენ ჩვენი ნაოფლარით შეკოწიწებულ ბიუჯეტს.
2008-2012 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრემიები მეტწილად თანამდებობის პირებზე ნაწილდებოდა. მათ შორის, ნათია მოგელაძეზე, თინათინ ბოკუჩავასა (პარლამენტარი) და ნაზი არონიაზე (ყოფილი პარლამენტარი, მარიამ საჯაიას დედა). დასკვნის მიხედვით, 2008-2012 წლებში, პრემიები მეტწილად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის ნაწილდებოდა - მაგალითად, 2012 წლის განმავლობაში, აუდიტის სამსახურის 10 ხელმძღვანელ მუშაკს პრემიის სახით, 347 222 ლარი დაერიცხა, ანუ ხელფასის 105 პროცენტი.
გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილეს შოთა თარხნიშვილს დაერიცხა 48 ათასი ლარი;
გენერალური აუდიტორის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს - 39 425 ლარი;
აჭარის რეგიონში კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, კახაბერ კირტავას - 37 500 ლარი;
გენერალური აუდიტორის მოადგილეს დევი ვეფხვაძეს - 36 ათასი ლარი;
პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსს ნათია მოგელაძეს - 34 315 ლარი;
სამმართველოს უფროსს ზვიად ხოფერიას - 32 550 ლარი;
დეპარტამენტის უფროსს ნატო ზაალიშვილს - 30 512 ლარი;
დეპარტამენტის უფროსს ვახტანგ კეჟერაძეს - 30 500 ლარი;
კაბინეტის უფროსს ირინე მელუას - 30 ათასი ლარი;
დეპარტამენტის უფროსს გიორგი ალასანიას - 28 370 ლარი.
2012 წლის ანალოგიურ პერიოდში (7 თვეში) დარიცხულ ხელფასებზე მეტი პრემია ასევე გაცემულ იქნა:
თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ბოკუჩავაზე - 10 500 ლარი;
თავმჯდომარის მრჩეველ ლალი თვარაძეზე - 14 200 ლარი;
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კეკელიშვილზე - 11 760 ლარი;
უფროსს აუდიტორ ზურაბ მაისურაძეზე - 14 620 ლარი;
აუდიტორ ნინო ყიფიანზე - 10 200 ლარი;
აუდიტორ ცირა ლაშქარავაზე - 7 200 ლარი;
უფროს სპეციალისტ გიორგი არსენაშვილზე - 11 700 ლარი;
აპარატის უფროს ნაზი არონიაზე - 13 400 ლარი;
სამსახურის უფროს გიორგი თარაშვილზე - 16 500 ლარი;
თავმჯდომარის თანაშემწე ლუიზა მაკაროვაზე - 15 700 ლარი.
დასკვნის მიხედვით, იმავე პერიოდში, თავმჯდომარის კაბინეტის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით. დროებითი კომისიის შეფასებით, პრემიები სხვა დეპარტამენტებსა და სამსახურებში არაპროპორციული და შესრულებული სამუშაოების გარეშე ნაწილდებოდა. კერძოდ, 2012 წლის მაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ნაზი არონიამ პრემიის სახით მიიღო 2200 ლარი, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მიღებულ პრემიებს.
ნაზი არონიასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი დეტალიც, კერძოდ, დასკვნის გათვალისწინებით, 2012 წლის 20 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ნაზი არონია იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობა, გამოიცა ლევან ბეჟაშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მან მიიღო ფულადი ჯილდო - 2200 ლარი. გარდა ამისა, 2012 წელს ნაზი არონიას ბინის ქირა სახელმწიფოს 4500 ლარი დაუჯდა.