რატომ უნდა დაიხვეწოს სამხედრო კონცეფცია
ქართული პოლიტიკის ყველაზე რთული და საკამათო სფერო უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ქართული ჯარი და სამხედრო სტრატეგია იყო, რაც განსაკუთრებით აქტუალური 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახდა - სამხედრო ექსპერტთა კომპეტენტური ნაწილი ყოველთვის ღიად აცხადებდა, რომ სამხედრო დოქტრინა და კონცეფცია რეალურად ჩამოსაყალიბებელი და დასახვეწია, ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიანი ეპოქა დასრულდა, მოვლენების გაანალიზების, შეფასებისა და პერსპექტივის განხილვის დრო დადგა.
„ვერსია" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გენერალ კობა კობალაძესთან, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე სწავლაც, ბრძოლაცა და პატიმრობაში ყოფნაც მოასწრო.
მინი-დოსიე:
კობალაძე კობა თენგიზის ძე, დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში; 1986 წელს დაამთავრა თბილისის მე-12 საშუალო სკოლა; 1987-89 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო-სადესანტო ნაწილში; 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი; 1994-1996 წლებში წარჩინებით დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი სამხედრო სპეციალობით - სადესანტო-სადივერსიო ქვეგანაყოფების მომზადება-გამოყენება, სამოქალაქო სპეციალობით _ მუხლუხოვანი და ბორბლებიანი ტექნიკის ინჟინერი; 1996-1999 წლებში მოსკოვში წარჩინებით დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, სპეციალობით - შენაერთების სამხედრო-ადმინისტრაციული მართვა და ოპერატიული ხელოვნება; 2001 წლის 27 ივლისს დაამთავრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემია, სპეციალობით _ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა, სამხედრო სტრატეგია და ოპერატიული ხელოვნება; 2002 წელს გარმიშში (გერმანია), ჯ. მარშალის სახელობის სტრატეგიის ცენტრში დაგეგმილ უმაღლეს აღმასრულებელ კურსზე გაიარა სრული კურსი, თემით - მსოფლიო გლობალიზაციის საკითხები და ევროატლანტიკური სივრცის ინტეგრაცია აღმოსავლეთის სივრცეში; 2002 წლის თებერვალში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში, სადაც შემუშავდა საქართველოს გვარდიის რეორგანიზაციის უახლოესი და პერსპექტიული გეგმები, მიენიჭა ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება; 2002 წელს თურქეთის სპეცდანიშნულების სარდლის მიწვევით, თურქეთში გაეცნო მათ სტრუქტურასა და მოქმედების სპეციფიკას; 2003 წლის მაისში კვლავ გაგზავნეს მარშალის სახელობის ცენტრში, სადაც გაიარა სრული კურსი თემით - მსოფლიო ტერორიზმის განვითარების საფრთხე, მასთან ბრძოლის აუცილებლობა და მეთოდები; 2003 წლის ნოემბერში დაამთავრა სან-რემოს (იტალია) სამხედრო კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი. 1986 წელს მუშაობა დაიწყო კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1990 წლიდან აქტიურად ერთვება საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994 წლებში მსახურობდა შემდეგ თანამდებობებზე: ეროვნული გვარდიის პირველი მოტომსროლელი ბრიგადის ოცეულის მეთაური, ამავე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მეთაური, ბრიგადის დაზვერვის უფროსი, შავნაბადას სახელობის დაზვერვის ბატალიონის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და მეთაური; იყო მე-11 მმ ბრიგადის მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში (ამ დროს ყველა ცალკეული საბრძოლო ნაწილი გაერთიანდა ამ ბრიგადის შემადგენლობაში.) და მე-11 მმ ბრიგადის მეთაური; 1991-1994 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; 1992 წლის აპრილში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, დაინიშნა, ფოთის კომენდანტად; 1992 წლის 13 აგვისტოს ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიაში პირველი საზღვაო დესანტის გადასხმას ლესელიძე-განთიადი-გაგრის მიმართულებით - დაჭრის მიუხედავად, მძიმედ დაშავებული რიგითი გადაარჩინა, საბრძოლო ოპერაცია წარმატებული იყო (მსხვერპლი მცირედი); 1993 წლის 16 მარტს ხელმძღვანელობდა სოხუმში (გუმისთა) ჩატარებულ წარმატებულ თავდაცვით ოპერაციას, რომლის შედეგად სეპარატისტების მხრიდან სოხუმზე განხორციელებულმა შეტევამ კრახი განიცადა; 1993 წლის 2 ივლისს იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტამიშთან (აფხაზეთი) გადმოსხმული რუსებისა და სეპარატისტების ერთობლივი დესანტის განადგურების ოპერაციისა, ხოლო ბრიგადის მეთაურის დაჭრის შემდეგ ბრიგადის ხელმძღვანელობა აიღო საკუთარ თავზე; 1999 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად, დისლოკაციის ადგილი ქუთაისი; 1999 წლის დეკემბერში მიიწვიეს აშშ-ში, სადაც გაეცნო სამხედრო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მომზადება-მოქმედების სპეციფიკას; 2000 წლის ნოემბრიდან დაევალა სახმელეთო ჯარების შტაბის შექმნა-ჩამოყალიბება, 29 ნოემბრიდან დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლად, ხოლო 2001 წლის 7 აგვისტოს, პრეზიდენტის განკარგულებით, დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა კოდორის ხეობაში მიავლინა ოპერატიული მიმართულებით კოდორის ხეობის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ხეობის დაცვის გეგმის შედგენასა და ადგილობრივი სამობილიზაციო რესურსის საბრძოლო მომზადებას. კობალაძის ხელმძღვანელობით მოაქციეს ალყაში კოდორის ხეობაში მოულოდნელად დესანტირებული რუსეთის სადესანტო (გაძლიერებული) ასეული და აიძულეს, სასწრაფოდ დაეტოვებინა ტერიტორია შეთავაზებული კორიდორით; 2002 წლის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა სწავლება „კახეთი 2002"-ის ხელმძღვანელად, 2004 წელს კი, პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მომზადების უფროსი გახლდათ. აღლუმის მომზადების პროცესში, პრეზიდენტის განკარგულებით, გაიგზავნა ბათუმში, ანალოგიური აღლუმის მოსამზადებლად. დაკისრებული ამოცანის შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, დაიმსახურა პრეზიდენტის მადლობა. არის სპორტის ოსტატი კრივში; სპორტის ოსტატი ხელჩართულ ბრძოლაში; საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი. სამხედრო წოდებები: 1987წ. რიგითი; 1988წ. უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი; 1989წ. ზემდეგი; 1990წ. ლეიტენანტი; 1991წ. უფროსი ლეიტენანტი; 1992წ. კაპიტანი; 1992წ. მაიორი; 1993წ. უფროსი მაიორი; 1993წ. პოლკოვნიკი; 2001წ. გენერალ-მაიორი; არის სამეცნიერო თემის ავტორი (ბრიგადის საბრძოლო მოქმედებების წარმოება განსაკუთრებულ პირობებში). მინიჭებული აქვს: მედალი მხედრული მამაცობისათვის; ვახტანგ გორგასლის ორდენი (I, II და III ხარისხი); საქართველოს პრეზიდენტის - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, დასაჩუქრდა ესვდ-ს ტიპის სახელობითი - სნაიპერის შაშხანით; მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის; სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი; მიღებული აქვს საბრძოლო ჭრილობები. ჰყავს მეუღლე - ქეთევან ჯაბახიძე (ინგლისური ენის სპეციალისტი, იურისტი) და ხუთი შვილი: ზურაბი, თენგიზი, დავითი, თამარი და ნიკოლოზი.
- ბატონო კობა, დღემდე თითქმის ყველა ხელისუფლება ცდილობდა, საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა ქართული ჯარი... არის თუ არა ხელახლა შესაქმნელი და ჩამოსაყალიბებელი სამხედრო კონცეფცია?
- იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, რეალობას ცოტა მოწყვეტილები ვართ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად გადასახედია ჩვენი განვითარების სტრატეგია, ჯერ ვერც სამხედრო დოქტრინის საფუძვლიანი დოკუმენტი მოვიპოვეთ... გეთანხმებით, შეიარაღებული ძალების თემით სპეკულაცია ხშირად ხდებოდა, ამიტომ გადასახედია პლატფორმა და ახალი კონცეფციაა ჩამოსაყალიბებელი.
- დიდი ხანია კამათობენ, უნდა იყოს თუ არა ქართული სამხედრო დანაყოფები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, სადაც ქართულ შენაერთებს დიდი დანაკარგი აქვთ. როგორია თქვენი პოზიცია?
- ყველაზე დიდი დანაკარგი ქართულ ქვედანაყოფებს არ აქვთ, უბრალოდ, რაოდენობრივად რომ იზრდება მისიაში მონაწილე შემადგენლობა, პროპორციულად იმატებს რისკ-ფაქტორებიცა და მსხვერპლიც. უნდა გამოვიდეთ მოცემულობიდან, რომ თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვართ - საქართველომ ეს განაცხადი უკვე გააკეთა, რაც გვავალდებულებს, გარკვეულ მისიებში, თანამეგობრობის სახელმწიფოებთან ერთად, შევასრულოთ კონკრეტული ამოცანა. რაც უფრო გავლენიან და მაღალტექნოლოგიურად განვითარებულ პარტნიორებთან ერთად მოუწევთ ქართველ სამხედროებს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა, მით მეტ გამოცდილებას შეიძენენ, რისკ-ფაქტორები კი მშვიდობიანობის პერიოდშიც არსებობს. 2008 წლის აგვისტოს ომში გაცილებით მეტი მსხვერპლი გვქონდა და აქედან გამომდინარე, მეტი პროფესიონალური დატვირთვაა საჭირო მსხვერპლის მინიმალიზაციისთვის. საფრთხეებსა და მსხვერპლის გამომწვევ მიზეზებს აქამდეც ვაანალიზებდით, ვსაუბრობდით გარკვეული ღონისძიებების გამკაცრების აუცილებლობასა და იმაზე, რომ მოქმედებები კონკრეტული მიმართულებით მეტადაა დასახვეწი... მგონი, ამ ყველაფერს თავდაცვის სამინისტრო ნელ-ნელა, წარმატებით ართმევს თავს. ჩვენი პარტნიორები არიან ამერიკა, ევროპა და განვითარებული ქვეყნები, რაც გვაიმედებს. შესაძლოა, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს უსაფრთხოებასა და მსხვერპლის მინიმალიზებას განაპირობებს, მაგრამ თუ თავად არ გაქვს კონკრეტული ამოცანის შესრულების მზაობა, ასე არ მოხდება.
- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რამდენიმე ე.წ. სამხედრო ამბოხი შედგა _ „ისნის", „მუხროვანის" და ასე შემდეგ. ნაციონალების მმართველობის 9-წლიან პერიოდში, შეთქმულების მოტივით, ბევრი სამხედრო მაღალჩინოსანი დააპატიმრეს, მათ შორის, თქვენც. ალბათ, მომავალშიც არ ვართ დაზღვეულნი ანალოგიური შემთხვევებისგან... რა არის მიზეზი?
- პირველ რიგში, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ვიღაცის ფანტაზიაში მომწიფდა _ ფსევდოამბოხი, რეალურად, პროტესტის გამოხატვის მცდელობაა... ისანსა თუ მუხროვანში მომხდარი „ამბოხის" ლაიტმოტივი სოციალური პირობები, ოფიცრების სიდუხჭირე იყო ანუ რეალობა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. რთულია, როცა ადამიანს აქვს რწმენა, რომ ქვეყნის მშენებლობის პროცესში ერთი ქვა მაინც დადო და სინამდვილეში, ამ ქვაზე შეხების უფლებას არ აძლევენ! როცა სახელმწიფო დაშორებულია შემადგენლობისგან, რომელმაც ენერგია, სისხლი, ემოცია არ დაიშურა მისი შექმნისთვის, ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა. საკმაოდ კრიტიკული შეხედულება მაქვს ამბოხებასა და ფორმიანი ადამიანების უდისციპლინობაზე... როცა მუხროვანის ამბებში „გამხვიეს", არავის უკითხავს, რა აზრის ვიყავი ამ ყველაფერზე, არადა, ნებისმიერ ემოციაზე მაღლა დგას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. კაცს, რომელსაც ფორმა აცვია, რომელიც ფიცს დებს თავისი ქვეყნის წინაშე, გაცილებით მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე კონკრეტული მერკანტილური ინტერესებია! მუხროვანის ამბოხი უკვე ყოფილი პრეზიდენტის კარზე უნიჭოდ დაგეგმილი ერთ-ერთი სცენარი იყო - რაღაცის გადაფარვა უნდოდათ. 9 თვის განმავლობაში, როცა სახელმწიფო კმაყოფაზე ვიყავი, გამოყოფილი მქონდა ფართი, მყარაულობდნენ, სასამართლოში მანქანით დავყავდი და არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ გამომძიებლებს... ჩემს მიმართ სამართლებრივი მოქმედებები თუ საგამოძიებო პროცესები არ განხორციელებულა და გამონაკლისი არ ვყოფილვარ - ბევრს ექცეოდნენ ასე, რადგან რეალურად, თავადვე იცოდნენ, რამდენად აბსურდული იყო ის, რაზეც საუბრობდნენ. როდესაც მოწმე ამბობს, რომ კავკასიონის ქედზე ფეხით იყო გადასასვლელი და იქიდან ზურგით გადმოიტანა 20 მილიონი, რბილად რომ ვთქვათ, უნიჭო ფანტაზიაა - 1 მილიონი ამერიკული დოლარი იწონის მინიმუმ 12 კილოგრამს. 20 მილიონს, თან იმ რელიეფზე, ზურგით ვინ გადმოიტანს? კიდევ ერთი აბსურდი მახსენდება: ვიღაცები იღებდნენ თავზე იმას, რომ უნდა აეფეთქებინათ ნახევარი საქართველო, თანაც არც სათანადო გამოცდილება და ცოდნა ჰქონდათ, როგორ უნდა მოეყვანათ მოქმედებაში ასაფეთქებელი ნივთიერება! ცხადია, ეს საკითხები უნდა დაწყებულიყო პრეზიდენტის რეზიდენციიდან... ეს ვიღაცის დაკვეთა იყო. ცხოვრების წესით, ქვეცნობიერად, უფრო აზიელები ვართ და აქედან გამომდინარე, გვგონია, რომ ემოციის უსაზღვრო გამოხატულებით უფრო კონკრეტული შედეგი გვექნება. ივანიშვილის გაწონასწორებული პოლიტიკის შემდეგ, პრაგმატული ხედვით დავიწყეთ წინსვლა. ვინ რა გზით ივლის, ჯერ არ ვიცით, თუმცა საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, რომ პრაგმატულად და ცივი გონებითაც შეიძლება წარმატებების მიღწევა.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ვეტერანთა დეპარტამენტი და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვეტერანთა ელემენტარული პრობლემები დღემდე გადაუჭრელია. „გენერალთა კლუბის" წარმომადგენელს, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
- ვეტერანთა დეპარტამენტი ერთადერთი საჯარო ორგანიზაციაა, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო სისტემას და აქვს ამოცანა, ყველა ვეტერანის კონსოლიდაცია მოახდინოს, ასევე ამ ხალხს, გარკვეულწილად, შეუმსუბუქოს სოციალური პრობლემები. ვეტერანთა დეპარტამენტი ერთია, არასამთავრობო კი, თითქმის 300-ზე მეტი ჩამოყალიბდა. ესეც ალბათ მიზეზია, რომ თითოეული ჩვენგანი იმ პოტენციალის რეალიზებას ცდილობს, რომელიც გააჩნია, მაგრამ რატომღაც, შემართება დროთა განმავლობაში კურსს იცვლის და მოკარნახის პოზიციაში გადავდივართ. საქართველოს გენერალთა კლუბის შექმნა 2008 წლის აგვისტოს ომმა განაპირობა, რადგან დავინახეთ, რომ ძველ შეცდომებს ვიმეორებთ - მოგვდევს ემოცია, ვძერწავთ უარგუმენტაციო სახეებს მხედართმთავრებად, უარვყოფთ პრაქტიკასა და გამოცდილებას, დაგეგმარების გარეშე არასწორ სვლებს ვაკეთებთ და საფრთხეებს ვერ ვაფასებთ... ყოველივე ამან გადაგვაწყვეტინა მე და ჩემს მეგობრებს, ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, ჩვენი გამოცდილება არ დაკარგულიყო, ასევე გაგვეანალიზებინა ის საფრთხეები, რის წინაშეც შეიძლება დადგეს ქვეყანა. საკმაოდ საინტერესო გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მომგებიანია ბალანსის შენარჩუნება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მშვიდობიანი პროცესების წახალისება. ერთ-ერთი პრობლემაა ყოფილი სამხედროების მოუმზადებლობა სამოქალაქო სექტორში გადასასვლელად და ამის გამო, ისინი დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ყოფილი სამხედროების ინტეგრირებას სამოქალაქო სექტორში. ჩვენმა ოფისმა ახლახან მოიპოვა USAID-ის გრანტი და პერსპექტივა, საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი სახე, ნელ-ნელა იზრდება.
- 2008 წლის აგვისტო ვახსენეთ... როგორია თქვენი, პროფესიონალი სამხედროს შეფასება?
- ვინმემ იგრძნო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი 21-ე საუკუნის საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო? რით იგრძნო - რუსთაველის გამზირზე ტაშფანდურის გამართვით? მე, როგორც რიგითი ქართველი, დარწმუნებული ვარ - 2008 წლის აგვისტოს ფუძემდებლებმა ტერიტორიების გადაბარება ლამაზად შეფუთეს, რადგან ბრძოლისას, სახელმწიფოს წინააღმდეგობა აგრესორის მიმართ ვერ დავინახე, გარკვეული გმირული ეპიზოდების გარდა და ამ ბიჭების ქმედება გაცილებით დასაფასებელია - 21-ე საუკუნეში დიდგორისა და სპარტას მეომრები აღმოჩნდნენ საქართველოში, რომლებმაც დახმარების არარსებობის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს! ამ დროს, რა გააკეთა ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა და სარდლობამ? - როდესაც იქ ჯერ კიდევ ბრძოლები მიმდინარეობდა, აქ ტაშფანდური და კონცერტები გამართა! კოდორის ხეობის, სამაჩაბლოს გმირი მოსახლეობაც უუნარო გახადეს და ამას დაუმატეს ახალი ადმინისტრაციული ერთეულები - ახალგორის რაიონი და ზემო აფხაზეთი... ნელ-ნელა, ეს ყველაფერი დავალაგეთ ხონჩაზე და გადავეცით, ეს პროცესი კი ყვირილით იყო აკომპანირებული თუ ტირილით, სხვა საკითხია. მთავარია შედეგი - ცივი გონებით თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ყველაფრის ლოგიკური დასასრული, ამ ეტაპზე, სამათხოვროდ გაწვდილი ხელით მდგარი ქვეყანა იყო! იქ ომი იყო, არადა, ვისაც ამ მხრივ გარკვეული ცოდნა და პრაქტიკა გვაქვს, პროცესებში ჩართულნი არ ვიყავით და მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ვაკეთებდით რაღაცებს. მაინც გვჯეროდა, რომ ქვეყანას აქვს თავდაცვის სისტემა, დაგეგმარების მიმართება და ვცდილობდით, საერთო გეგმისთვის ხელი არ შეგვეშალა. ამბობენ, მთელი პირადი შემადგენლობა შემოარტყა გარშემო თბილისს მთავარსარდალმა, რათა დედაქალაქი დაეცვაო... ვის რაში სჭირდებოდა თბილისის აღება, ძალიან მაინტერესებს! რატომ უნდა ჰქონოდა ქვედანაყოფებს პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვის განკარგულება, როცა უპირველესად, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები უნდა დაეცალათ და ევაკუაცია მართვის ობიექტებიდან უნდა განხორციელებულიყო. როცა თბილისის დაცვაზე ვსაუბრობთ, მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა თბილისელმა, რატომ არ ვიცოდი, საჭიროების შემთხვევაში სად მივსულიყავი და რა გამეკეთებინა? ასე იყო მოსახლეობის 99%. თუმცა, რაზე ვსაუბრობთ, როცა სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო გეგმებიც კი არ არსებობდა! ეს მტკივნეული თემაა, რომელიც ჩვენ თუ ვერ მოვახერხეთ, ჩვენი შვილების გამოსასწორებელი იქნება. ისინი კი გაცილებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. რეალურად, 2008 წლის მოვლენებმა ცხადყო, რა ვალდებულებები ჰქონდათ ამ ბავშვებს 2003 წელს. თუ არ ჰქონდათ ვალდებულებები, სულ მცირე, გულგრილობაზე უნდა დაინტერესდეს ვიღაც. არაერთხელ მოვითხოვეთ 2008 წლის მოვლენების გამოძიება, რადგან ეს პირადად მე კი არა, ქვეყანას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება, რათა დაინახოს, რასთან ჰქონდა საქმე!
ნინო შათირიშვილი