პროექტის „ჩაერთე რაგბიში" პრეზენტაცია „შევარდენის" რაგბის აკადემიის სტადიონზე ოთხშაბათს გაიმართა.
საზოგადოებას პროექტის დეტალები საქართველოს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაჭარავა და კომპანია „ნატახტარის" კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გააცნო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ქართველი რაგბისტების წარმატებამ უზრუნვეყლო ის, რომ ამ სპორტის მიმართ ინტერესი იზრდება.
ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მშობელტა მხრიდან არის სურვილი იმისა, რომ ბავშვები დაკავდნენ ამ სპორტით და ეს პროექტი ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
„რაგბი კიდევ უფრო პოპულარული გახდება და გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ მდგრადობას შესძენს ჩვენ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართული ბავშვები კიდევ უფრო ასახელებენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
კომპანია „ნატახტარის" კორპორაციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის მქონდე მნიშვნელოვანი პროექტი იწყება, ქართული რაგბის, მომავალი თაობის მხარდასაჭერად.
„პროექტი ითვალისწინებს თითქმის ყველა სკოლის ჩართულობას, 3 500-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. მომავალი წლიდან აქტიურად დავიწყებთ „ნატახტარის" ლიმონათის თასის გათამაშება. მთელი საქართველო ჩაერთვება და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროექტი გადაიქცეს ერთერთ საუკეთესო, ყველაზე მასშტაბურ სოციალურ პროექტად", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ღონისძიებაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი კომპანიის, რაგბის კავშირისა და ასოციაციის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.
შევარდენის რაგბის სტადიონზე პროექტში ჩართულ ბავშვებს შორის საჩვენებელი თამაში გაიმართა.
პროექტის „ჩაერთე რაგბიში" მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.
პროექტში 2017 წელს 169 სკოლა ჩაერთვება და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში"-ის აქტივობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი.
ამასთან, 20 ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ. პროექტის „ჩაერთე რაგბიში" ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი" გაიმართება.
პროექტი „ჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპა რაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.