logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: იქნებ „ვეფხისტყაოსანიც“ ავკრძალოთ
- +

10 ნოემბერი. 2016. 16:07



„ეს ადამიანი ნამდვილად შესამოწმებელია. იქნებ „ვეფხისტყაოსანიც" ავკრძალოთ და ქართულ მწერლობაზეც ვთქვათ უარი", - ასე ეხმიანება „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე განათლების მინისტის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას.


„ამერიკა განვლილი არჩევნების შემდეგ გათავისუფლდა მსგავსი ადამიანებისგან და იმედია, ხელისუფლებაც გათავისუფლდება მსგავსი აზროვნების ადამიანებისგან", - აცხადებს მჟავანაძე.

 

შეგახსენებთ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „რეზიუმეში" სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენენ. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია.

 

„ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად, შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ ერჩის განათლების მინისტრი კომბლეს, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „კომბლესთან ორი პრეტენზია აქვს".


„კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია.

 

ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა. „სუპერმენი" და „სპაიდერმენი" სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ, დაწყებული გმირებიდან, ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner