„ქართული ოცნების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებსა და ამერიკელი ხალხის არჩევანზე ისაუბრა.
ის არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება რაიმე გავლენას იქონიებს ამერიკისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთი პირის მიერ არ ხდება.
„არ მგონია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე რაიმე გავლენა იქონიოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ არ მიიღება. ამერიკაში უამრავი ე.წ. მოთამაშეა, რომლებსაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილების მიღებაზე. ასევე დონალდ ტრამპსაც არ აქვს განწყობები, რომლებიც მიუთითებს, რომ ამერიკა იზოლაციური პოლიტიკის გატარებას დააპირებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს რაიმე საფრთხე დაემუქროს, პირიქით, შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით, გააღრმავოს კიდეც ჩვენს შორის ურთიერთობები. ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია კი, ახალ ხედვებსაც გვთავაზობდეს", - განაცხადა „ქართული ოცნების" წევრმა.
ბექა ნაცვლიშვილმა აშშ-ის და რუსეთის შემდგომ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ერთადერთი, სადაც აშშ-ის და რუსეთის პოზიციების მეტ-ნაკლები დაახლოება შესაძლოა მოხდეს, ეს არის სირიის კონფლიქტი. უბრალოდ, ამერიკამ თავისი ძალისხმევა უფრო უნდა შეამციროს და ამ პროცესში რუსეთს მეტი ჩართულობის საშუალება მისცეს", - აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების" წევრმა, ასევე, ამერიკის მიერ საქართველოსთვის გადმორიცხულ ფინანსურ დახმარებებზე ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ ამ ფინანსურმა დახმარებებმა შედეგი გამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი დახმარებები არ შეწყდება.
„ამერიკა ფინანსურ დახმარებას ბევრ ქვეყანაში ახორციელებს და გარკვეულ შემთხევებში მას ან მოაქვს შედეგი, ან არა. ცალსახაა, რომ ჩვენს შემთხვევაში, ფინანსურმა დახმარებებმა შედეგი გამოიღო არა მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის თვალსაზრისით, არამედ გარკვეული სეგმენტების განვითარების თვალსაზრისითაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.