„ეკა ხოფერიას შოუში" გავიდა სიუჟეტი იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ. მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებმაც ისინი იძულებული გახადა, სამშობლოსგან მოშორებით, უცხო მიწაზე გაეგრძელებინათ ცხოვრება.
ლუიზა შალიკიანი: „უკვე თორმეტი წელია იტალიაში ვცხოვრობ და თავს დედისგან გაშვილებულად ვთვლი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იტალიამ მიშვილა. მსგავსი განცდა აქ მყოფ თითოეულ ქართველს აქვს. აბა, რა გითხრათ?! - ყველანი სულითა და გულით ძალიან დიდ ტკივილს ვატარებთ. ჩვენი ერთადერთი სურვილი საკუთარ ოჯახებსა და საკუთარ მიწაზე დაბრუნებაა".
თავიანთ პრობლემებსა და სამშობლოს მონატრებაზე ისაუბრეს სხვა ემიგრანტებმაც:
„აქ ჩემი ოჯახის დასახმარებლად ჩამოვედი. მადლობელი ვარ იტალიის და ჩემი სამსახურის, სადაც ახლა ვმუშაობ. საქართველო მენატრება, მაგრამ აქ თავს სამოთხეში ვგრძნობ. ინტერნეტის საშუალებით, ჩემებს ყოველდღიურად ვეკონტაქტები. ყველაზე მეტად ჩემს მიწაზე ფეხის დადგმა მინდა".
„ბავშვი ობლად გავზარდე. საქართველოში სხვა გზა რომ არ იყო, წამოსვლა ვამჯობინე. სამშობლოს გახსენებაზე და მასზე საუბრის დროს, ყოველთვის ცრემლები მომდის თვალებიდან".
„მენატრებიან მშობლები, მეგობრები, ჩემი საქართველო და ყველას დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. ყველანი ჩვენი ოჯახების იმედები ვართ და აქ ამიტომაც ვართ".
„იტალიიდან საქართველოში თავისი სურვილით ჯერ არავინ წასულა. ქართველი ემიგრანტები ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო უბრუნდებიან სამშობლოს, ან გარდაცვლილებს მიასვენებენ. პირადად მე, მეუღლის გარდაცვალების გამო ჩავედი საქართველოში და ორ თვეში ისევ იტალიაში დავბრუნდი. ყველაზე მეტად მინდა, სამშობლოში მუშაობით შევძლო ოჯახის რჩენა".
იტალიაში ქართველ ემიგრანტებს მომღერალი დათუნა სირბილაძე გამოეხმაურა.
„საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო ქართველი დედებით. ქართველი დედა არის გმირი და მათ ჩვენგან მოფერება და პატივისცემა სჭირდებათ", - აღნიშნა მომღერალმა.