logo_geo
eng_logo
მამა იოანე ხელაია: მათთვის ეს ტაძარი ერთადერთი ადგილია, სადაც ისინი თავს სტუმრებად არ გრძნობენ
- +

10 ნოემბერი. 2016. 19:07



 „იმედის" ეთერში, „ეკა ხოფერიას შოუში" გავიდა სიუჟეტი იტალიაში არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრის შესახებ. აღნიშნულ ტაძარში, ქართველი ემიგრანტებისთვის, წირვა-ლოცვას მამა იოანე ხელაია აღავლენს. ეს ტაძარი, უცხო მიწაზე, ქართველი ემიგრანტების ერთგვარი გამაერთიანებელია. ეს რთული მისია, იტალიაში მოღვაწე მამა იოანე ხელაიამ იტვირთა, რომელმაც ბევრი სირთულის მიუხედავად, შეძლო  და იტალიის სხვადასხვა მხარეს მიმოფანტული ქართველი ემიგრანტები  მართლმადიდებლური ეკლესიის ქვეშ გააერთიანა.


 „მიტროპოლიტმა აბრაამმა პატრიარქთან წარმადგინა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კი, მაკურთხა და მითხრა, რომ ქართველი ემიგრანტები უნდა გამეერთიანებინა და ისინი კვლავ სამშობლოში დასაბრუნებლად მომემზადებინა. ეს კი ნიშნავდა, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისათვის, რომ ისინი დედა-ეკლესიას, ქართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს არ მომწყდარიყვნენ. მოგეხსენებათ, აქ იბადებიან ბავშვები, რომლებიც უცხო მიწაზე ცხოვრებით მშობლიურ ენას, ისტორიას და ტრადიციებს შორდებიან. მათთვის, ამ ყველაფრის შენარჩუნება უცხო მიწაზე აუცილებელია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ადვილად გაუგონ თავიანთ ქვეყანას. სწორედ ეს იგულისხმა პატრიარქმა მათ მომზადებაში", - ამბობს მამა იოანე (ხელაია).


პირველად, მამა იოანე თავის მრევლს კაფეებსა და სხვადასხვა ადგილებში ხვდებოდა. შემდეგ კი მათი შეკრება, წირვა-ლოცვის ჩასატარებლად, ერთ-ერთ დახურულ ტაძარში მოახერხა.

„რომში 3000-მდე ქართველი ცხოვრობს და მათი შეკრება და გაერთიანება ღვთის წყალობით, მოვახერხეთ. პირველად, კაფეებსა და სხვადასხვა ადგილებში ვხვდებოდით ერთმანეთს, პირველი ღვთისმსახურება კი, 2010 წლის ბზობის დღესასწაულზე ჩავატარე. საკუთარი ტაძარი არ გვქონდა და წირვა-ლოცვის ჩატარება დახურულ ტაძარში ვითხოვეთ. ასე დავიწყეთ რომის სამრევლოს ჩამოყალიბება. რამდენიმე ათეული ადამიანიდან ჩვენი მრევლი ნელ-ნელა საკმაოდ გაიზარდა და უკვე მეექვსე წელია, რაც სამრევლო, ჩემი წინამძღოლობით, ფუნქციონირებს", - განაცხადა მამა იოანემ.


მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, იტალიაში, თითქმის ყველა სამრევლოში საკვირაო სკოლები გაიხსნა, სადაც ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მშობლიური ენა, გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და დაეუფლონ სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებას, როგორიცაა: ცეკვა, კერვა, გალობა, თექასა და მინანქარზე მუშაობა და სხვა... ორი წლის წინ, მამა იოანეს კურთხევით, სამრევლო ანსამბლი დაარსდა და ანსამბლის მოცეკვავეები, ყოველ კვირა დღეს, ქართველი ემიგრანტებისთვის ქართულ ხალხურ ცეკვებს ასრულებენ.


„წარმოიდგინეთ, ცხოვრობ რომში, მოღვაწეობ, შრომობ და არ გაქვს შენი საკუთარი ადგილი. აქ ქართველების უმეტესობა ოჯახებში მუშაობს, სადაც ისინი სტუმრები არიან. მათთვის ეს ტაძარი ერთადერთი ადგილია, სადაც ისინი თავს სტუმრებად არ გრძნობენ. ემიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ეს მდგომარეობა და სამშობლოსგან მოწყვეტა არის დროებითი და არა ხანგრძლივი. განწყობა, თითქოს ისინი ვერასოდეს ჩავლენ სამშობლოში, არ უნდა ჰქონდეთ. საქართველოს ქართველების გარდა ვერავინ მიხედავს და ისინიც ადრე თუ გვიან სამშობლოს დაუბრუნდებიან", -აღნიშნა მამა იოანემ. 



გადაცემის წამყვანი მონასტრის მრევლსაც გაესაუბრა. ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ ტაძარი მათთვის უცხო მიწაზე სულის ცხონება და გამაძლიერებელია.

 

მართა შიოშვილი: „სამი წელია, რაც ემიგრანტი გავხდი. აქ ყოფნას ჩვენი თბილი, ტკბილი და უსაყვარლესი მამა იოანე ხელაია გვაძლებინებს. ის ყველას მხარში გვიდგას და გვეხმარება".

 

ბარბარე ხუნწარია: „მამა იოანე ძალიან თბილი პიროვნებაა. ის, როგორც მამა და ძმა, ისე გვიდგას მხარში. ეს ტაძარი კი ჩვენთვის სულის ცხონებაა. მრევლს ყოველთვის ერთი სული გვაქვს, როდის მოვა ხუთშაბათი და კვირა დღე, რომ ეკლესიაში შევიკრიბოთ".


ქართული სამრევლო ასევე აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში. მამა იოანეს ინიციატივით, სამრევლოს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, არაერთხელ გაუმართავს საქველმოქმედო კონცერტები. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner