logo_geo
eng_logo
ყველაზე დიდი ბაზილიკა კავკასიაში ყვარელში, დურუჯის სანაპიროზე აღმოაჩინეს
- +

10 ნოემბერი. 2016. 21:19



საქართველოში, კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე ბაზილიკური ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგები დოლოჭოპის V საუკუნის სატაძრო კომპლექსის არსებობაზე საუბრობენ, სადაც 13 საუკუნის წინანდელი დაბეჭდილ თავიანი ქვევრი აღმოჩინეს, რომელშიც სავარაუდოდ ნაკურთხი წყალი იყო შენახული.


როგორც „აიპრესთან" ნეკრესი-ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი ნოდარ ბახტაძე ამბობს, გათხრები 2012 წელს დაიწყო.


„ეს კავკასიაში ყველაზე დიდი ბაზილიკაა. ასე კარგად შემორჩენილი ნანგრევი არსად არ არის. მისი აგება IV - V საუკუნით თარიღდება. ეს იყო ბორცვში მოქცეული მთა ტყით დაფარული, ნანგრევები ზემოდან ჩანდა. როცა გავთხარეთ გრანდიოზული ნაგებობა აღმოჩნდა", - განაცხადა ბახტაძემ.


არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქართველებთან ერთად კანადელი ანთროპოლოგები და ინგლისელი მეცნიერები მუშაობენ, გათხრებს კი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აფინანსებს.


„მე-4 საუკუნის ტაძარი დანგრეულია მიწისძვრის დროს, შემდეგ მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს, უფრო გრანდიოზული აიგო.

 

რაც შეეხება ქვევრს, გათხრების დროს ქვედა ტაძარიც გამოჩნდა, ორპირიანი ძეგლია და საერთოდ, მე-8 საუკუნეში წყვეტს ყველაფერი არსებობას, რადგან მურვან ყრუმ ყველაფერი დაანგრია...

 

დანგრევის წინ ქვევრი რომელიც შუა ეკლესიაში იდგა, წყლით ყოფილა სავსე და ასე ჩაიმარხა. ქვევრს სახურავიც ჰქონდა, რომელმაც ჰერმეტულად დაიცვა", - აღნიშნა ნოდარ ბახტაძემ.


- რით დასტურდება, რომ ქვევრში შენახული წყალი ნაკურთხია?


- ჩვენ თავისუფლად ვამბობთ, რომ ეს მე-8 საუკუნის წყალია. სრული სამეცნიერო პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 13 საუკუნის წინანდელი წყალია. ის რომ წყალი საუკუნეებია იდეალურად არის დაცული, ეს შევამოწმებინეთ თბილისის ლაბორატორიებში - წყაროს წყალი ქვევრში იდეალურადაა შენახული, მაგრამ წყალი ნაკურთხია თუ არა ამის გამზომი არ არსებობს.


ჩვენი და საპატრიარქოს დასკვნაა, რომ წყალი ნაკურთხია, სხვა შემთხვევაში ქვევრში წყალი ვერ შეინახებოდა ამდენი ხანი.

 

- არსებობს მსოფლიოში ფაქტი, ნაკურთხი წყალი 13 საუკუნე შენახულიყო?


- მე არ გამიგია. ჩვენი ინფორმაცია აიტაცეს მართლმადიდებლურმა გამოცემებმა, რუსეთში, საბერძნეთში, უცხოური მედიაც დაინტერესდა, მაგრამ არსად დაწერილა რომ მსგავსი 13 საუკუნის წყალი ქვევრში შენახული აღმოაჩინეს. თუმცა, არფერი შემეშალოს, ეს რომ სამეცნიერო ფაქტი იყოს...

 

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტაძრის აღმოჩენა ჩვენი ქვეყნისთვის?


- ჩვენს ხელოვნებათმცოდნეობაში დამკვიდრებული იყო თეორია, რომ პირველი ქართული ეკლესიები იყო პატარა და ნელა-ნელა ვითარდებოდა. აი ამ დროს, აგერ მე-4 საუკუნის ტაძარი ვნახეთ დანგრეული, მერე იმაზე დიდი... ამბობდნენ თითქოს ბოლნისის სიონამდე არ იყო... ეს საბჭოთა პერიოდის თეორია იყო, ყველაფერი ადგილზე განვითარებულიყო. სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა.


წყაროებში ასეა: მოიწვია მეფე მირიანმა ხუროთმოძღვრები ბიზანტიიდან, მოწინავე ქვეყნებიდან და აგებდნენ ტაძრებს. აქ მათ ველური ხალხი კი არ დახვდა, მშენებლობა იცოდნენ და იმ სქემაზე რომელიც რამდენიმეჯერ ააგეს, კადრები გაიზარდა.


ეს ბრწყინვალე ტაძარია ისეთი, როგორიც კონსტანტინოპოლში, რომში... ტაძრის სიგრძე 44 მეტრია. ნადვილი ჩამოყალიბებული ბაზილიკაა, ფაქტიურად ჩვენი აღმოჩენით გადატრიალება მოხდა ქართული ბაზილიკის ისტორიაში, რაც ძალიან მნიშნელოვანია.


რა თქმა უნდა წყლის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ მე-5 საუკუნის ნივთებიც აღმოჩნდა.


ცნობისთვის, არქეოლოგიური კვლევა ეროვნული მუზეუმის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით გრძელდება, საბოლოო დასკვნა 2 წელში იქნება ცნობილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner