საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან მკაფიო, მყარი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ თანმიმდევრული იქნება.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერილია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო ბოლო პერიოდში, როცა დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდან ამ მიმართულებით უამრავი განცხადება გაკეთდა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ და განვავითაროთ.
ტრამპის პირველი განცხადებები, რომელიც მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთა და, სადაც აღნიშნა, რომ ის მოწადინებულია, ყველა პარტნიორ ქვეყანასთან სამართლიანი და თანასწორი ურთიერთობები განავითაროს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.
საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან სერიოზული გეოსტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გადის, სადაც ამერიკის ინტერესი არის. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახალ ადმინისტრაციას რეგიონში ჩვენი ფუნქცია უნდა დავანახოთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.