პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, აკაკი ზოიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ გლობალური ბიუჯეტი ეს არის მეთოდი, რომელსაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. მისი თქმით, სოციალურ სააგენტოსა და დაწესებულებებს შორის წინასწარი მოლაპარაკება მოხდება და წინასწარ იქნება ცნობილი, ამ თუ იმ დაწესებულებას რა თანხა უნდა გადაუხადონ. როგორც მან აღნიშნა, არის შემთხვევები, როცა სამედიცინო დაწესებულებების მიერ გეგმიური შემთხვევა მწვავე შემთხვევადაა განხილული და თანხების გაბერვა ხდება.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური მეთოდი, რათა ერთი მხრივ ხარჯების შეკავება მოვახდინოთ, მეორე მხრივ კი, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ვუზრუნველყოთ. ამ სამი წლის განმავლობაში გარკვეული სტატისტიკა დაგროვდა, თუ რა მოცულობის მომსახურება მიეწოდება პაციენტებს და რა რესურსტევადობის მომსახურებას სწევს თითოეული დაწესებულება. ამ მონაცემების საფუძველზე მოხდება გათვლა, დაახლოებით, რა მოცულობის ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს თითოეულ დაწესებულებას.
თუ თანხის გადახარჯვა მოხდება, დაწესებულებამ გადახარჯვის მიზეზი უნდა დაასაბუთოს. ამით პროგნოზირება იზრდება როგორც სახელმწიფოსთვის, როგორც შემსყიდველითვის, ასევე თვითონ საავადმყოფოებისთვის, რათა მათ თავიანთი ხარჯები ოპტიმალურად დაგეგმონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრო დასჭირდება და 1 წელი ალბათ, გარდამავალი პერიოდი იქნება.
არ არის ისე, თითქოს ყველა სამედიცინო დაწესებულება იტყუება, ან დოკუმენტაციის ფალსიფიცირებას ახდენს. აქ კომპლექსური მომენტებია გასათვალისწინებელი. როცა სახელმწიფომ ფასები დააკლო და ტარიფები გათანაბრდა, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება ეცადა, უფრო მეტი მწვავე შემთხვევა დაეფიქსირებინა, რომ იგივე მოცულობის დაფინანსება მიეღო. ეს ყველაფერი დაფინანსების მეთოდის ხარვეზია და გლობალურ ბიუჯეტზე გადასვლა ამ ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს, რადგან ამ შემთხვევაში მოტყუების, დიაგნოზის გამწვავების ან ფალსიფიცირების მოტივაცია ისპობა. გლობალური ბიუჯეტის პირობებში, სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულება სრულფასოვანი პარტნიორები ხდებიან და ორივე მხარე ზრუნავს, დაწესებულებამ იმ მოცულობის ბიუჯეტი მიიღოს, რაზეც თავიდანვე შეთანხმდნენ", - განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ბოლო 6 თვის მანძილზე, მხოლოდ თბილისში დაახლოებით, 45 კლინიკა გაიხსნა, რაც მისასალმებელი ფაქტია, რადგან ბიზნესი ვითარდება და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მართალია ყველა არა, მაგრამ ამ კლინიკების ნაწილი საამქროდაა გადაქცეული, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ფულს აკეთებს.
„ხდება სამედიცინო დაწესებულებაში ავადმყოფის მიყვანა, დიაგნოზის ხელოვნურად დამძიმება და მსუბუქი შემთხვევის მწვავე შემთხვევად გაფორმება. როცა ტოვებ ხვრელს, რომელიც შესაძლოა, ვინმემ შემოსავლის მაქსიმიზაციის მიზნით გამოიყენოს, ბუნებრივია, ეს მოხდება და ხდება მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში სამედიცინო მომწოდებლები, ექიმები ყოველთვის ასე იქცეოდნენ და იქცევიან. როცა ამას ერთი აკეთებს, მეორეც იძულებულია, იგივე გააკეთოს, რათა სხვას კონკურენცია გაუწიოს და რატომ უნდა ვუბიძგოთ ძალიან პატიოსან და კეთილსინდისიერ მენეჯერებს, რომ ამ გზით წავიდნენ?! გლობალურ ბიუჯეტზე გადასვლით სახელმწიფოც მოიგებს, სამედიცინო დაწესებულებაც და პაციენტიც", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.