პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ რიგით მე-17 ბიზნეს-დაჯილდოებაში. მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა მიულოცა წარმატება ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც სხვადასხვა ტრადიციულ ნომინაციებში გაიმარჯვეს. გარდა ამისა, წლევანდელ დაჯილდოებაში პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაციაში „Investment Awards".
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მოკლედ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაზე „Doing Business 2017", რომლის თანახმადაც საქართველო, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მსგავსი ეროვნული შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა.
დაჯილდოებაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად კერძო სექტორს გაუჩნდა სახელმწიფოს მიმართ მეტი ნდობა და საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოების სურვილი.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული დამოკიდებულება აისახა 2015 წლის ბოლოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში, სადაც 800-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია გამოიკითხა. კვლევის თანახმად, კერძო კომპანიების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი, გეგმავს წარმოების გაფართოებას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას.
„ეკონომიკა კერძო სექტორზე დგას. ის, რა თქმა უნდა, იმსახურებს იმას, რომ მათ საქვეყნოდ გადავუხადოთ მადლობა. ჩვენ გვყავს ნამდვილად ნიჭიერი ბიზნესმენები, ჩვენი კერძო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი კეთილდღეობა იყოს და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მე-17 ტრადიციული ბიზნეს-დაჯიდლოებ მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის" ერთობლივი პროექტია, რომელიც 1995 წლიდან ხორციელდება.