logo_geo
eng_logo
გიორგი საჯაია: თუ მკითხავთ, ორივე მართლები არიან, კომბლეც და ჯეჯელავაც...
- +

11 ნოემბერი. 2016. 03:15



პოეტი გიორგი საჯაია სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს ნევროლოგთან ვიყავი, რაღაც წამალი გამომიწერა, აშკარად მოსაწევის ეფექტი აქვს - გადუნებს და ტვინს ხსნის. მეოთხედი აბი დავლიე და ისე ჩამაფიქრა სამყაროს ფენომენალურობაზე, თავი დაღლილი შოპენჰაუერი მგონია, ოღონდ ფილანთროპი შოპენჰაუერი - ყველა მიყვარს, მათ შორის - კომბლეც და ჯეჯელავაც.

 

მე თუ მკითხავთ, ორივე მართლები არიან, კომბლეც და ჯეჯელავაც და აი, რატომ:

 

კომბლე არათუ ცუდი მეცხვარე იყო, ის საერთოდ არ იყო მეცხვარე. ის იყო ჩვეულებრივი კომბლე, ანუ მეკომბლე, რაზეც სათაურიც მეტყველებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ზღაპარის (უფრო სწორად - ზღაპრების, რადგა სულ მცირე, სამი, შინაარსობრივად ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფოლკლორული ძეგლი ვიცი ამ ამ სათაურით და ამ პერსონაჟით) პირვანდელი სათაური იყო - „მეკომბლე", დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და „კომბლედ" იქცა. ანუ რა გამოდის: მე თუ მყავს სამი ძაღლი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კინოლოგი ვარ, არამედ, უბრალოდ, ნიშნავს, რომ სამი ძაღლი მყავს, თუმცა მე არ მყავს სამი ძაღლი, მეტიც - არცერთი არ მყავს. ერთი მყავდა, ღრმა ბავშვობაში და იმანაც თავი მოიკლა - კედელს დაეჯახა თავით და ადგილზე განუტევა სული, თუმცა ეს სრულიად სხვა ისტორიაა და აღარ ჩავუღრმავდები.

 

მოკლედ, ჯეჯელავა არ ცდება, როცა ამბობს, რომ კომბლე ცუდი მეცხვარე იყოო, რადგან ის ჭეშმარიტად ისეთივე ცუდი მეცხვარე იყო, როგორც მე - ცუდი კინოლოგი, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამის გამო კომბლე ვლანძღოთ, გამომდინარე იქიდან, რომ არა მგონია, კომბლეს სერთოდ ჰქონოდა პრეტენზია მეცხვარეობაზე, ის იყო ჩვეულებრივი თაღლითი, რომელსაც ჰყავდა სამი ცხვარი და მას შემდეგ, რაც ისინი მგელმა შეუჭამა, თღლითური მაქინაციებით მიითვისა ჭეშმარიტი მეცხვარეების ფარა (მე სხვა „კომბლე" მაქვს წაკითხული, იმ კომბლეს საერთოდ არ ვცნობ, კომბლებს რომ თლიდა და ჭერში აწყობდა, ეგ მრთლა უსაქმური იყო, ჩემი არ იყოს). თუ რამეზე შეიძლება მას მოვედაოთ, ეს თაღლითობაა და ამსთან - ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: არაერთგზის, დიდი ოდენობით და თუ მგელს განვიხილავთ როგორც თანამონაწილეს, მაშინ - ჯგუფური, რაც ნიშნავს, რომ „შვიდიდან ათ წლამდე" ზედ აქვს, მაგრამ რაც მთავარია, ეს ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სცდება განათლების სამინისტროს კომპეტენციას და საქმე სასწრაფოდ პროკურატურისთვისაა გადასაცემი.

 

ასე, რომ სულ ტყუილად ღელავს ჯეჯელავა და მით უმეტეს, არაფერი აქვს სანერვიულო კომბლეს, რადგან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი, რაც მას არ ჩაუდენია, ოცდახუთი წლის მერე, ის გათავისუფლებულდებოდა სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კომბლეს შემთხვევაში კი ათი წელიც სავსებით საკმარისია. ერთი სიტყვით, ყველაფერი წესრიგშია და სულ ტყუილადაა ატეხილი ამხელა ალიაქოთი ამ საკითხის გარშემო. ჰოდა, ასე..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner