ქართული კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც ამჟამად მეფე ერეკლე მეორის ევროპულ მიმოწერაზე მუშაობს, აქვეყნებს ავსტრიის იმპერატორ იოსებ მეორესთან გაგზავნილ წერილს. გიორგი კალანდია იქვე მნიშვნელოვან მინაწერს აკეთებს: - ერეკლე მეორის წერილი ავსტრიის იმპერატორ იოსებ მეორეს! ეს მათთვის, ვისაც ერეკლე პრორუსი პოლიტიკოსი ჰგონია. წერილი იტალიურიდან თარგმნა და გამოაქვეყნა პროფესორმა ილია ტაბაღუამ. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ასეთი ფაქტები მიზანმიმართულად მიჩქმალული იყო. წერილი დაწერილია გეორგიევსკის ტრაქტატამდე 1 წლით ადრე:
„რამდენადაც ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, რომელიც გარემოცულია საფრთხით, თუ ჩვენ არ გაგვაძლიერებენ, მუდმივი საშიშროება გვემუქრება. ჩვენ არ ვართ აღჭურვილნი ძალით, რომ შევქმნათ ისეთი რიგის ჯარი, როგორიც ევროპასა ჰყავს. თანაფარდობის მიხედვით ჩვენ ჯერ კიდევ ცოტანი ვართ და მტერი კი გვჭარბობს. ღვთის წყალობით, მოვიკრებთ ძალას მათ დასამარცხებლად. ჩვენი მოწინააღმდეგენი ვერ შესძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. ვიმყოფებით სპარსეთსა და აზიის სხვა სამეფოებს შორის. ამ სამეფოებს შორის მტრობა ჩამოვარდა, ყველა შფოთვამ მოიცვა და ახლა ისინი დასუსტებულნი არიან. ამჟამად მათ არაფერი შეუძლიათ, განსაკუთრებით, თუ ჩვენ გვეყოლება დისციპლინირებული ევროპული რიგის ჯარი. მაგრამ რაკი არ გვყავს ასეთი ჯარი, ლეკები დაღესტანიდან და კავკასიიდან და სხვა მეზობელი მაჰმადიანები ერთიანდებიან და ჩვენ გვაწიოკებენ. ვინც უნდა დაგვხმარებოდა, ისინიც ნაკლებად გვეშველებიან და ამიტომ ჩვენ დიდ განსაცდელში ვვარდებით უფულობის გამო. ამრიგად, ვთხოვთ თქვენს დიდებულებას და მოწყალე უდიდებულესობას, ერთი პოლკა ჯარის შესანახი თანხა მოგვცეს ჩვენ გასაძლიერებლად. შესაძლებელია, ერთ დღეს უზენაესის წყალობით, თავისი ძალების შესაბამისად, ეს ქვეყანაც ჩადგეს ევროპის მეფის სადიდებლად მის სამსახურში.
მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე"