აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, პრესის უდიდეს ყურადღებას მისი მეუღლე და მომავალი პირველი ლედი - მელანია ტრამპი იპყრობს. დონალდ ტრამპის ცოლი ნამდვილი ლამაზმანია. ის ყოფილ იუგოსლავიაში 1970 წელს დაიბადა და სამოდელო ბიზნესში წარმატებული კარიერაც ააწყო. ეს მეორე შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პირველი ლედი ხდება ქალი, რომელიც შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ დაიბადა.
მელანია ჯერ კიდევ სოციალისტურ იუგოსლავიაში, დღევანდელი სლოვენიის ტერიტორიაზე დაიბადა. მის არაამერიკულ წარმომავლობაზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული სლავური აქცენტი მიუთითებს. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ მელანიას მშობლები, რომ მათი „კონკია" შეერთებული შტატების დედოფლად გადაიქცეოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მელანიამ ლიუბლიანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ მალევე მიატოვა, მოდელის კარიერის გამო. ამის შემდეგ მელანია საცხოვრებლად 16 წლის ასაკში მილანში გადავიდა, სადაც პოდიუმზე გამოსვლა დაიწყო.
მელანიას ფოტოები ხშირად ვრცელდებოდა არცთუ ძვირადღირებულ გამოცემებში. ფოტოები საკმაოდ თამამიც იყო. სწორედ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავრცელდა შიშველი მელანიას ფოტოები, რომელზეც ის ქალს ეხუტება. „აბა, ეს როგორც შეიძლება პირველი ლედი გახდეს?" - წერდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
დონალდ ტრამპმა და მელანიამ ერთმანეთი 1999 წელს, ნიუ-იორკში, მოდის კვირეულზე გაიცნეს. მათი ურთიერთობა მას შემდეგ გამყარდა, რაც მელანია პროფესიონალი მოდელი გახდა და ნიუ-იორკში დაიწყო გამოსვლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ტრამპმა ტელეშოუ „The Apprentice"-ში მათი ურთიერთობების შესახებ საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ „ეს მისი ცხოვრების სიყვარულია".
დონალდისა და მელანიას ქორწილის შესახებ ლეგენდები დადის. ისინი 2005 წლის 22 იანვარს დაქორწინდნენ. მელანიას 200 ათას დოლარად ღირებული კაბა ეცვა. ქორწილისთვის 15-მეტრიანი ტორტი შეუკვეთეს. სხვათა შორის, ქორწილს სხვა ცნობილ პირებთან ერთად, ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა. ერთი წლის შემდეგ დონალდსა და მელანიას ბიჭი შეეძინათ, მას ბერონ უილიამი დაარქვეს.
დონალდზე დაქორწინების შემდეგ მელანია ტრამპის სამოდელო კარიერა ზრდას იწყებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი ფოტოსესია ამერიკული გამოცემა „GQ"-თვის. ის თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული, სადაც საკმაოდ პიკანტურ პოზებშია დაფიქსირებული. მელანია ასევე ცნობილია როგორც მაჯის საათების და საიუველირო ნაკეთობების დიზაინერი.
პრეზიდენტობის კანდიდატის ცოლობა მისთვის ახალი როლი იყო. პოლიტიკური და არასამოდელო პოდიუმი ხომ სულ სხვა უნარ-ჩვევებსა და მეტყველებას საჭიროებს. ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიტინგზე მელანია ტრამპი სიტყვით გამოვიდა, რომლის ნაწილიც მიშელ ობამას 8 წლის წინანდელი „სპიჩის" გამეორება იყო.
თუმცა შემდგომ მან საკუთარი აზრებიც გამოთქვა. დონალდ ტრამპის ცნობილი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ის ქალებზე საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა, მელანიამ ქმრის საქციელი დაგმო. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ბოდიში მოიხადა.
ახლა მელანიას საქმეების მართვა თეთრ სახლში მოუწევს. წინა პირველი ლედისგან, მიშელ ობამასგან მას მოსამსახურეების მთელი შტატი შეხვდება - შეფ-მზარეულიდან დაწყებული, ფლორისტით და პირადი მდივნით დასრულებული.