თბილისის მერია განაგრძობს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას - „დაიწყე კარიერა", რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის - მესამე, მეოთხე, მეხუთე კურსის) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ 3-თვიანი არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.
რეგისტრირებული სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით გადანაწილდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ). სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.
მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის უფლება.
სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნება, სპორტი, განათლება, ვეტერინარია, სამართალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები, არქიტექტურა-მშენებლობა.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტები შეირჩევიან GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) ოჯახის წევრ სტუდენტებს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2 დეკემბრის ჩათვლით (24:00 საათამდე) თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.
აპლიკაციის შევსების პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.