მოწმე გივი აფციაური გირგვლიანის საქმის იმ ეპიზოდზე დაიკითხა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალი აქვს წაყენებული.
პრეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოჰყვა, რომ ახალაიას მისვლა იყო დაუგეგმავი ვიზიტი, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ პირები, რომლებიც რეზიდენციაში უნდა შეეშვათ.
„2006 წლის გაზაფხულზე იყო ვიზიტი, მანქანა მოვიდა გამშვებ პუნქტთან. მძღოლმა მანქანა ჩაწია და მითხრა, რომ დათა ახალაიაა. მე გავაჩერე და დავუკავშირდი ოპერატიულ მორიგეს, მივიღე დასტური შეშვებაზე. ვკითხე, თუ გაქვთ იარაღი-თქო და გადმომაწოდეს „კალაშნიკოვის" ტიპის იარაღი, რომელიც შევინახე საგუშაგოზე. ის მოსული იყო მუქი ფერის ჯიპის მარკის ავტომობილით", - განაცხადა მოწმემ.
კითხვაზე - ამის შემდეგ ან მანამდე ყოფილა თუ არა დათა ახალაია რეზიდენციაში მისული, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა განაცხადა, რომ მისი იქ ყოფნის დროს არ მისულა.
პროკურატურა აცხადებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ახალაიასა და სააკაშვილს შორის გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების საკითხზე.