logo_geo
eng_logo
ლევან ბეგლარიშვილი: ჰქონდა კი კომბლეს კომბლების თლის ლიცენზია და ტაბელური კომბლის ტარების უფლება?
- +

11 ნოემბერი. 2016. 15:27



IT-სპეციალისტი, facebook-მომხმარებელი ლევან ბეგლარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების მინისტრის მოსაზრებას, რომ ქართული ზღაპრის გმირი კომბლე მოძალადეა და თანაც ცუდი მეცხვარე.



რასაკვირველია, მოძალადეა. პრინციპში მენეჯმენტშიც მოიკოჭლებს. პირადად მე, მაქვს რიგი შეკითხვები მასთან. ან მარტო რატომ იყვნენ გასული საბალახოდ ცხვრები. ან მგელზე რატომ არ იყვნენ ინფორმირებულნი. რატომ არღვევდა კომბლე უდანაშაულობის პრეზუმფციას და რატომ აბრალებდა მელას და დათვს უაპელაციოდ ცხვრების შეჭმას? საერთოდ, ჰქონდა მას კომბლების თლის ლიცენზია? ტაბელური კომბლის ტარების უფლება??? ხომ არ არის მეცხვარეობა და კომბლის ბიზნესი ერთად ინტერესთა კონფლიქტი? აქვე მაინტერესებს, კომბლეს კონკრეტულად რომელ ვარიანტს გულისხმობს მინისტრი. მულტფილმს თუ ზღაპარს? მოგეხსენებათ, მულტფილმში კომბლეს ძროხა ჰყავს, რომელსაც მოძალადე ბატონი ართმევს. ზღაპარში კი კომბლეს ურთიერთობა ცხოველებთან აქვს. გაიარა თუ არა ეს საკითხი განათლების მინისტრმა ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან? და მთავარი კითხვა. რატომ კომბლე? და არა მაგალითად, ასფურცელა, რომელიც მაზოხიზმის ნათელი მაგალითია (იხ. ფასკუნჯზე ფრენის ეპიზოდი, როდესაც ასფურცელამ შიმშილის გრძნობა საკითხის მაზოხისტური გადაჭრის გზით დაიკმაყოფილა).

გაეცეს კითხვებს პასუხი და დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი!

ასფურცელა - მაზოხისტი;

კომბლე - დაბალი დონის მენეჯერი;

წიქარა - სისტემის მსხვერპლი;

ნაცარქექია - თაღლითი. სხვისი ქონების თაღლითური გზით მიმტაცებელი;

რწყილი და ჭიანჭველა - აქ სავარაუდოდ, რწყილს მაინც უნდოდა ჭიანჭველას დახრჩობა, კონკრეტულად რა ინტერესი ჰქონდა, დადგენილი არ არის. საეჭვოდ დიდხანს წელავდა სამაშველო ოპერაციას;

სიზმარა - ეს ზღაპარი საერთოდ მშრომელი საზოგადოების დეგრადაციის მაგალითია.

ცისკარა - Georgian Water & Power!!! და თბილისის მერიის გარიგების მსხვერპლი!" - წერს ლევან ბეგლარიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner