ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართულმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს საელჩოდან თანამშრომლების უსაფრთხოდ გამოყვანა. თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებების შედეგად გახდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიების პროცესში არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობა გადაუხადა.