„ნაციონალურ მოძრაობაში" გავლენების გადანაწილებაზე ომი პიკს აღწევს. სააკაშვილი "ბოკერიას გუნდს" უკვე ღიად უპირისპირდება. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებას, ეს გამოჩნდება დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე, თუმცა მანამდე უშუალოდ სააკაშვილის მომხრეები თანაგუნდელების მიმართ ბრალდებებს უკვე ღიადაც არ ერიდებიან და საუბრობენ მცირე ჯგუფის მიერ პარტიის მმართველობის უზურპაციაზე, მათ შორის ყველაზე რადიკალური ნაწილი კი "ამ მცირე ჯგუფს" ივანიშვილთან კოლაბორაციონიზმშიც ადანაშაულებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ეს მეორე და დიდი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინათ საკუთარ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ღიად გაემიჯნა პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს და მომხრეებსაც იგივე მოუწოდა.
ის ინტერვიუში ამბობს, რომ არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ "ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან", რომლებიც აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებებსაც.
მან გააკრიტიკა მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილება და, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მიერ 4 ნოემბერს გავრცელებული ის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პარტია კატეგორიულად გმობს და პარტიის წევრები ვერ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ და ლიდერების ივანიშვილთან გარიგებაზე საუბრობენ.აღსანიშნავია, რომ "ფეისბუქში" "ნაციონალების" აქტივისტებისგან ძირითადად ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის შესაძლო გარიგებაზეა ბრალდებები. პარტიის ამ განცხადებას კი პოლიტსაბჭოს 60 წევრიდან ნახევარმა დაუჭირა მხარი.
"რაღაცებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს, ვინც გადაგვაკვდა და გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს," - პარტიის განცხადებას აკრიტიკებს სააკაშვილი. ის აცხადებს იმასაც, რომ პარტიამ ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნები "დედის რძესავით შეირგო" და იმის მაგივრად, დღევანდელი მენეჯმენტი ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდეს, ხელებს მისკენ იშვერენ, რომ თურმე პრობლემა სააკაშვილია.
ექსპრეზიდენტი პარტიის მმართველობაში არსებულ "ახირებულ ჯგუფს" ახსენებს, რომ მისი რჩევა და ვარაუდი არ გაითვალისწინეს, მეორე ტურებში პარტიამ მონაწილეობა მაინც მიიღო და საბოლოოდ ვერც ერთი მანდატი ვერ მოიპოვა, რამაც კიდევ უფრო დემორალიზება გამოიწვია.
"ამ მარცხის მიუხედავად, კიდევ აგრძელებს უაზრო ლაპარაკს ის ერთი-ორი ტიპაჟი, თითქოს არსებობს რაღაც 8 თუ 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორ გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს," - დასძენს სააკაშვილი.
ბოკერია-ხოშტარია vs სააკაშვილი
ექსპრეზიდენტის განცხადება ორივე გუნდის მომხრეებმა ბრძოლის გახსნის ნიშნად მიიღეს და ღია ბრალდებებმაც არ დააყოვნა. თუმცა სააკაშვილის მომხრეებისგან განსხვებით თავშეკავებული აღმოჩნდა განცხადების ადრესატი "ახირებული" ჯგუფი, სადაც ის ნაწილი მოიაზრება, ვინც მეორე ტურებსა და პარტიის თავმჯდომარის შესაცვლელად ყრილობის ჩატარებას მიესალმება. ამ ნაწილში კი დღევანდელი პოლიტსაბჭოს ნახევარია.
მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში "უაზროდ მოლაპარაკე", "ახირებული ერთი-ორი კაცის" კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ კრიტიკის ადრესატი გიგა ბოკერია და გიგი უგულავა არიან. ბოკერია იმიტომ, რომ ის წარმართავდა ამ არჩევნებზე პარტიის მენეჯმენტს, უგულავამ კი ერთი კვირის წინ ციხიდან გაავრცელა განცხადება, სადაც წამოაყენა პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის გადაყენების მოწოდება და ახსენა ასევე ის, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს მოიცავს და "ოცნების" გამარჯვება ამიტომაც გარდაუვალი აუცილებლობა იყო.
პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია არ პასუხობს შეკითხვაზე, "ახირებულ ადამიანებში" პერსონალურად თავად იგულისხმებოდა თუ არა.
"მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა შედეგის მიუხედავად და პარლამენტში შესვლა. ამ ისტორიულ მომენტში ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება," - ამბობს ბოკერია.
მეორე ტურის მომხრეებს შორის ასევე იყო პარტიის ახალი სახე ელენე ხოშტარია, რომელიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიერ მთავარი კრიტიკის საგანი არის პარლამენტში შესვლის საკითხი და მეორე ტურებში მონაწილეობა, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ კოლექტიურად მიიღო და ეს არ ყოფილა ერთი და ორი ადამიანის მიერ დაყენებული საკითხი.
"როდესაც პარტია იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებულები ვართ ეს შევასრულოთ. შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა," - ამბობს ხოშტარია.
"პარტიიდან სააკაშვილის დისტანცირება არ გამოუვათ"
პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ახლა მთავარი გამოწვევა არის თავმჯდომარეობის საკითხი. პარტიის შიგნით მხოლოდ ვიწრო ჯგუფს სურს სააკაშვილის ჩამოშორება და ამით ივანიშვილის თამაშის წესების მიღება, რასაც პარტიის წევრთა უმეტესობა კატეგორიულად შეეწინააღმდეგება.
"მათი რიცხვი ძალიან დიდი იქნება, რომლებსაც მიაჩნია, რომ პარტია იმ ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ მართული არ უნდა იყოს, რომელიც სამწუხაროდ დღეს მართავს. ვფიქრობ, პოლიტსაბჭო მხარს არ დაუჭერს, რომ პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესები მიიღოს - ანუ მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა და სააკაშვილის პოზიციის კითხვის ქვეშ დაყენება მოხდეს," - ამბობს წიკლაური.
მისი თქმით, ამ ვიწრო ჯგუფში არიან ის ადამიანები, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა გადაწყვეტილებას იღებდა და ვინც ასევე არჩევნების შედეგებზე იღებდა პასუხისმგებლობას.
"მათი გვარები ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებზე ვინ რას უჭერდა მხარს. მათი გადაწვეტილება მეორე ტურში მონაწილეობაზე იყო სრულიად მცდარი და ყოველგვარ პოლიტიკურ აზრს მოკლებული. ასევე მათივე გადაწყვეტილება იყო, რომ პარტიას, არნახული ზეწოლისა და გაყალბების მიუხედავად, არ დაეცვა ხმები. ეს ადამიანები ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს უმრავლესობაში არიან. მათ მიიღეს ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება საკუთარი ამომრჩევლების დაგმობასთან დაკავშირებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპულობასთან და ეს იყო მძიმე პოლიტიკური შეცდომა იმ ადამიანებისგან, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს," - მიიჩნევს წიკლაური, რომელიც თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა მძიმე არჩევანის წინაშეა - ან ხდება კვლავ სახალხო პარტია იმ მომხრეებზე დაყრდნობილი, რომელიც არის მყარი ამომრჩეველი, ან პარტია იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ არაფერს ეკითხება მხარდამჭერებს.
ამბობს, რომ უახლოეს ხანში შეიკრიბება პოლიტსაბჭო, სადაც დეკემბერში ყრილობაზე გასატან საკითხებზე იმსჯელებენ და იქ გამოჩნდება, ვინ უჭერს მხარს სააკაშვილის გადაყენებას. კულმინაციური მომენტი კი, მისი თქმით, იქნება ყრილობა, სადაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი მიიღებს მონაწილეობას და პოლიტსაბჭოში მოკალათებული მცირე ჯგუფის მიერ სააკაშვილის გადაყენების ნაცვლად სწორედ დღევანდელი მენეჯმენტის გადაყენება მოხდება.
"პერსონალური ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანები ღიად ამბობენ, რომ თურმე პრობლემა მიხეილ სააკაშვილია. ასეთი უპასუხისმგებლო გამონათქვამები ისმოდა, მაგრამ არსებობს სხვა ადამიანთა აზრი. დარწმუნებული ვარ, შემდეგ პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ყრილობაზე, რომელიც წარმომადგენლობითი იქნება, ჩვენი პარტიის წევრები ამ უპასუხისმგებლო გამონათქვამების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ. "ნაციონალური მოძრაობა" სახალხო პარტიაა და ვერც ერთი ვიწრო ჯგუფი, სეგმენტირებული წარმომადგენლობა, პარტიის შიგნით ამ ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.
"დარწმუნებული ვარ, ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს "ნაციონალურ მოძრაობაში" ადგილი არ ექნება. პარტიას ხმა 600 ათასმა ადამიანმა მისცა, იმ ჯგუფში კი მაქსიმუმ მხოლოდ 15-20 ადამიანია და შეადარეთ, რა განსხვავებაა. პოლიტსაბჭოც პარტიის წევრების მიერ არის არჩეული და ან პოლიტსაბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც არის ჩვენი, უმრავლესობის მოსაზრება, ან ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ყრილობა და ყველას ადგილს მიუჩენს. პარტიის მენეჯმენტის ეფექტურობის საკითხი უნდა დადგეს როგორც პოლიტსაბჭოზე, ისე ყრილობის დღის წესრიგში," - დასძენს წიკლაური.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ზაქარეიშვილი ბევრად უფრო ხისტია პარტიის შიდა ოპონენტების შეფასებაში და ამბობს, რომ პარტიაში არიან "ერთი მუჭა კოლაბორაციონისტები".
"პარტია ერთიანია და განხეთქილება არ არის, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელ რგოლში არიან ცალკეული პირები, რომლებიც როგორც პარტიული ხელმძღვანელობის სტრუქტურის უზურპირებას ცდილობენ, ასევე პარტიისა და პოლიტსაბჭოს სახელით ლაპარაკობენ. მიმაჩნია, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა არ ასახავს პარტიის დამოკიდებულებას მიმდინარე საკითხებზე და პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები საერთოდ აცილებულია რეალობას და შეურაცხმყოფელია როგორც პარტიის წევრებისთვის, ასე ამომრჩევლებისთვის," - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, ვისაც მიაჩნია, რომ რაღაც კითხვები უნდა დაისვას სააკაშვილის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, "ეს არის ერთი მუჭა ის ხალხი", რომელიც გამოირჩევა თავისი აქტიურობით, პარტიის სახელით საუბრობენ და ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მათი პოზიცია პარტიის პოზიციას ასახავს.
"გასაგებად იყო ნათქვამი (სააკაშვილის განცხადებაში), რომ ვინც "პარაჟენცობას" უჭერს მხარს, ვინც იძახის, რომ 2 და 3 ვადა უნდა მიეცეს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, ვინც გმობს იმ ხალხს, ვინც მათ მოსაზრებას არ ეთანხმება, ისინი არიან ერთი მუჭა კოლაბორაციონისტები. ყველას პოზიცია ცნობილია, მათიც და ჩვენიც," - აღნიშნავს ზაქარეიშვილი
ამბობს, რომ ყრილობა ახალ წლამდე უნდა ჩატარდეს და ეჭვი აქვს, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელმა შემადგენლობამ დელეგატთა შერჩევის პროცესი კანონიერად წარმართოს, ამიტომ ყრილობის მოწვევას უხელმძღვანელებს არა პოლიტსაბჭო, არამედ პარტია და მხოლოდ ასეთი ყრილობა იქნება ლეგიტიმური.
"თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ პარტიის დელეგატთა შერჩევის პროცესი არ არის გამჭვირვალე და ადგილი ექნება იმას, რომ ზოგიერთმა თავისი მომხრეებით დააკომპლექტოს დელეგატები, ამას აღვკვეთთ და მათი მსგავსი წამოწყება ჩაფლავდება. პარტიის წინააღმდეგ ვერავინ წავა, ეს აღკვეთილი იქნება," - აცხადებს ზაქარეიშვილი და დასძენს: "სააკაშვილის დისტანცირება პარტიიდან ამათ არ გამოუვათ. სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე არის და იქნება. ეს არის მოცემულობა და სხვანაირად ვერ მოხდება."