„თუ სტალინის ძეგლის უკან დაბრუნებას გორელები მოითხოვენ, მაშინ ძეგლი უკან დაბრუნდება", -ამის შესაებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს. როგორც მან ტელეკომპანია „დიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სტალინის ახალი ძეგლის შექმნაზე უკვე ესაუბრა ცნობილ ქართველ მხატვარს, ზურაბ წერეთელს, რაშიც ქართველმა მხატვარმა 1,5 მილიონ ნახევარი აშშ დოლარი მოითხოვა.
„იურიდიულად მე სტალინის ძეგლის დაბრუნების ბერკეტი არ გამაჩნია. ჩვენ ხალხს დავპირდით ამ ძეგლის დაბრუნებას, მაგრამ ნდობის მანდატი ვერ მივიღეთ, რადგან არჩევნებში ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა მოწინააღმდეგე ძალამ, რომელიც სანახევროდ პირდებოდა ამ ძეგლის დაბრუნებას და თუ ვინმეს ამ ძეგლის დაბრუნების ან არდაბრუნების საკითხი აწუხებს, შეუძლიათ, მიმართონ მათ. თუ აღმოჩნდება, რომ ქალაქის დიდი ნაწილი ძეგლის უკან დაბრუნებას მოითხოვს, ჩვენ უნდა დავთვალოთ, რა დაუჯდება ქალაქს ამ ძეგლის დაბრუნება დღევანდელ პირობებში.
თავის დროზე, როდესაც ამაზე ვსაუბრობდი, საკმაოდ კარგად მქონდა ეს ყველაფერი გააზრებული და გაცილებით ადვილი იქნებოდა, ჩვენ ქალაქის მართვის სრულფასოვანი ბერკეტები გვქონოდა. ამ ყველაფერის გაკეთება დღეს ისე აღარ ჩანს და ვართ შემდეგი პრობლემის წინაშე. აღმოჩნდა, რომ სტალინის ძეგლი არის კულტურის სამინისტროს ბალანსზე. კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ ძეგლის დადგმას არ დაუშვებს.
გამოსავალი არის ის, რომ თუ ქალაქი მოინდომებს ამ ძეგლის უკან დაბრუნებას, ახალი ძეგლი უნდა დამზადდეს. ახალი ძეგლის დამზადებისთვის, მე, ერთხელ ზურაბ წერეთელს ვესაუბრე, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, და ვკითხე, თუ რა დაჯდებოდა. მითხრა: მილიონ - ნახევარი დოლარიო. ეს თანხა გულისხმობს ჩამოტანის ხარჯებსაც. თუ ქალაქის ბიუჯეტი ამას აიტანს, მაშინ ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, მაშინ დააბრუნონ ძეგლი. ბოლოს რომ თავყრილობაზე ვიყავით, მხოლოდ 300 ადამიანი იყო იქ მოსული. თუ 300 ადამიანის ხუშტურზე ვართ, მიმაჩნია, რომ ძეგლი არ უნდა დაიდგას, თუ ნახევარი ქალაქი ამას ითხოვს, ძეგლის დადგმა შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.