„როგორც კი ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი აღმოჩნდა ამომრჩევლის პირისპირ, დავინახეთ, რომ მოსახლეობა უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე პოლიტიკური პარტიები", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ახალარჩეული პარლამენტის დეპუტატმა ლევან კობერიძემ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვა, ახლა კი, თვითგამორკვევის პროცესში იმყოფებიან.
ლევან კობერიძე გუბაზ სანიკიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც სანიკიძე ყოფილ თანაგუნდელებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. კობერიძე აღნიშნულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და მიაჩნია, რომ ეს არის ამომრჩეველთან თავის მართლების მცდელობა.
„განცხადება, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდა, ცოტა აბსურდულია. ასეთი ტიპის განცხადებები ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მოსახლეობის წინაშე თავის მართლების მცდელობას ჰგავს. იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას ეწარმოებინა ეფექტიანი საარჩევნო კამპანიები, მათ ეს პროცესი ჩააგდეს და ახლა თვითგამორკევის პროცესში იმყოფებიან. ზოგიერთმა ტაიმ-აუტი აიღო, ზოგიერთი თანამოაზრეებს ეძებს, ზოგიერთი კი, საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან... როგორც კი ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი აღმოჩნდა ამომრჩევლის პირისპირ, დავინახეთ, რომ მოსახლეობა უფრო მეტად არის გაზრდილი ვიდრე პოლიტიკური პარტიები", - განაცხადა ლევან კობერიძემ.