logo_geo
eng_logo
„ამერიკელებმა ყველას დაანახეს, რომ მათ ქვეყანას მართავს ამერიკელი ხალხის ნება“ – ინტერვიუ ირაკლი შიხიაშვილთან
- +

12 ნოემბერი. 2016. 21:10


„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც ამერიკაში იმყოფება, აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე, ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ხედვებზე და საქართველოს მოლოდინებზე „კვირასთან" ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.



შიხიაშვილი აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამერიკელმა ხალხმა ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ ამერიკას მართავს ამერიკელი ხალხის ნება. მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს პუტინმა იყიდა არჩევნები და ტრამპმა მოისყიდა ამომრჩეველი, სამარცხვინოა. შიხიაშვილი ქართველებს, სხვისი ქილიკის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის პატრონობის შესწავლისკენ მოუწოდებს.



ტრამპი აშშ-ის 45-პრეზიდენტია. თქვენ ამ ისტორიული არჩევნების თვითმხილველი აღმოჩნდით... როგორ შეაფასებთ არჩევნების მიმდინარეობას და რამდენად  ელოდით ამ შედეგს?


-მართლაც, საშუალება მომეცა თვითმხილველი და მცირედით მონაწილეც ვყოფილიყავი ამ ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების პროცესისა რამდენიმე შტატში, როგორც "რესპუბლიკური პარტიის კლუბის" საპატიო წევრი და "ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენად ველოდი ამ შედეგს, მინდა გითხრათ, რომ წინასწარ გადაწყვეტილად რაიმეს მტკიცება არასერიოზულია, მაგრამ მოლოდინით მე ველოდი ტრამპის და „რესპუბლიკური პარტიის" გამარჯვებას, ვინაიდან  ვხედავდი, თუ როგორ მუშაობდა პარტია, როგორი მობილიზებული, დისციპლინირებული იყო თითოეული კლუბი და კლუბის თითოეული წევრი, სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ეთნოსის, მაგრამ ამერიკის მოქალაქეები და პატრიოტები ქვეყნისა!


-ბატონო ირაკლი, თქვენ  საქართველოში ახლადდაფუძნებული "რესპუბლიკური კლუბის"  პრეზიდენტი ხართ. აშშ-ის  საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სწორედ აშშ-ში იმყოფებოდით და გარკვეულწილად, ჩართული იყავით საარჩევნო პროცესში, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამის შესახებ.


- მე ვნახე ეს რამდენიმე შტატში: ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიაში, ოჰაიოში...  როგორი გულანთებით იძახდა თითოეული "რესპუბლიკელების" საარჩევნო სლოგანს - "გავხადოთ ამერიკა კვლავ მართლაც რომ, ამერიკელებისთვის ყველაზე გულშიჩამწვდომი აღმოჩნდა ეს მოწოდება, ვინაიდან ქვეყნის თითოეული პატრიოტი მოქალაქე ხედავდა, როგორ სუსტ, უკანდამხევ პოლიტიკას აწარმოებდა დემოკრატების მმართველობა! მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა პოლიტექსპერტთა უმრავლესობა, ლობისტები, უდიდესი მედიაკორპორაციები, საქმეში ჩახედული თუ ჩაუხედავნი, ეკითხებოდათ თუ არ ეკითხებოდათ, თითქმის ყველა ჰილარის გამარჯვებას გადაწყვეტილად თვლიდა, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა ყველას თვალნათლივ დაანახა და მაგალითი აჩვენა, რომ ამერიკას მართავს ამერიკელი ხალხის ნება! რომ სწორედ ამერიკელი ხალხი იღებს თავისი ქვეყნის მომავალზე, მის განვითარებაზე პასუხისმგებლობას! რომ ის ამიტომაც არის თავისუფალი სახელმწიფო! ასეთია ამერიკა! ამერიკელთა უმრავლესობამ, თავისი არჩევანით, უარი უთხრა: ქვეყნის დასუსტებას, საგარეო ავტორიტეტის დაკნინებას, დასუსტებულ ეკონომიკას, დიდ გადასახადებს, სოციალისტური იდეოლოგიის თანდათან დამკვიდრებას, შემცირებულ სამუშაო ადგილებს, ქვეყნის უსაფრთხოების შემცირებას, მეგობარ პარტნიორ ქვეყნებთან გულგრილ დამოკიდებულებას, უაზროდ გაზრდილ სოციალურ ხარჯებს, ანუ უსაქმურობას, მუქთახორობას, ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდას, ოჯახის ინსტიტუტის დაკნინებას...!!! და მხარი დაუჭირა მოწოდებას - "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი", ამიტომაც სახელისუფლებო ყველა დონე მიანდო "რესპუბლიკელებს", კონგრესში, სენატში  და აირჩია "რესპუბლიკელთა" კანდიდატი უმაღლეს მთავარსარდლად, პრეზიდენტად!



-საქართველოში ტრამპის გამარჯვება როგორც პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის, ისე  საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი მწვავე შეფასებებიც გაკეთდა ღიად... და მაინც, როგორ ფიქრობთ, რა მიზეზი აქვთ ქართველებს, რის გამოც არ უნდა მოსწონდეთ ტრამპი?


- დღეს უამრავ განცხადებას ვკითხულობ, ვისმენ  ჩვენი თანამემამულეებისგან, თითქოს პუტინმა იყიდა არჩევნები, ტრამპმა მოისყიდა ამომრჩეველი - ასეთი განცხადებები სამარცხვინოა! ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ ქვეყანას, სადაც ყველაზე ძვირფასი არჩევანის უფლებაა, სადაც ყოველთვის ხალხის ნებაა უმთავრესი და მას ემორჩილება ხელისუფლება. ჯობია სხვისი ქილიკის ან დაცინვის მაგივრად, ჩვენც უკეთ ვისწვლოთ საკუთარი ქვეყნის პატრონობა, მართვა, შენება!


როგორ იმუშავებს საქართველოში ამერიკული "რესპუბლიკური კლუბი"? აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ინსტიტუტებს განსაკუთრებულ პატივს სცემს. ამის მაგალითი იყო ეს არჩევნებიც, თუმცა "დემოკრატებისგან" განსხვავებით, "რესპუბლიკელები"  ნაკლებად „მუშაობდნენ" ამ კუთხით საქართველოში. თუნდაც ამის მაგალითია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის  ამერიკელი "რესპუბლიკელების" იდეოლოგია ნაკლებად არის ცნობილი, მათი მიდგომები თუნდაც ოჯახის ინსტიტუტის მიმართ და სხვა... რამდენად არის იმის მზაობა და საჭიროება, რომ "რესპუბლიკელებმა " საქართველოში ეს ინსტიტუტები გააძლიერონ და თქვენ რა როლი დაგეკისრებათ ამაში?



-ჩვენი კლუბის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შევიმუშაოთ არსებული პრობლემების გადაჭრის ჩვენეული პროგრამები და პროექტები. მივიღოთ მხარდაჭერა ამერიკული მხრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ხელისუფლებას. ახლა ყველაზე მეტად მას სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის გვერდით დგომა. გამარჯვებული ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საწინდარია. ამერიკაში დღეს გამარჯვებული "რესპუბლიკელების" ხელისუფლება თითოეული ამერიკელის ხელისუფლებაა, იმის მიუხედავად, მისცა თუ არ მისცა მას ხმა. "რესპუბლიკელების" ხელისუფლება თითოეულ ამერიკელზე თანაბრად ზრუნავს.



-საქართველოსა და აშშ-შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად, რეგიონის უსაფრთხოებისთვის.  თქვენი აზრით, ამ ცვლილების შედეგად,  საქართველო  რამდენად დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში?


-რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ცვლილებებისგან?  პირველ რიგში, სწორედ ეს იქნება ჩვენი ალიანსის მთავარი საქმე, რომ საქართველო-ამერიკის უფრო დაახლოების პროცესში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს.

მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რა გვინდა და რას ველით ამერიკისგან? ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს? ფულს? სამუშაო ადგილების შექმნას? საზღვრების მიტაცებისგან დაცვას? დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას? უზრუნველ, მშვიდ ცხოვრებას? - ამერიკელთან იქნება თუ ნებისმიერ სხვასთან ურთიერთობისას, ჩემი აზრით, ჯერ ჩვენ უნდა გავიგოთ,  რა გვინდა, რა გვჭირდება, რა პრობლემები გვაქვს და როგორი გეგმა გვაქვს მათ გადასაჭრელად. სხვისთვის ჭკუის დასარიგებლად, სხვის დასაცინად, საქილიკოდ მარდები ვართ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მოვლა-პატრონობა არ გამოგვდის მთლად კარგად. ან გვეზარება, ან არ გვცალია, ან ცოდნა არ გვყოფნის, სწავლას ვთაკილობთ (ან როგორ არ ვითაკილებთ, ჩვენ ხომ მუდამ სხვისთვის რჩევებით ვართ დაკავებულნი). მაპატიეთ, მაგრამ მგონი ისე აღარ გვიყვარს სამშობლო, რომ მისთვის შრომა, ზრუნვა, თავდადება არ გვეზარებოდეს. მუდამ ხელისუფლებას ვთხოვთ ფინანსურ დახმარებებს, სოციალურ შეღავათებს და არ მოვთხოვთ მისგან სამუშაო ადგილებს, კარგი განათლების მიღების საშუალებას, მიტოვებულ, გაუკაცრიელებულ საზღვრებზე ხალხის დასახლებას, მილიონნახევარი ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების პროგრამას.



ყველამ მოვისმინეთ განცხადებები მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებით, რომ ქართველი ერი ფიზიკური გადაშენების რეალური საფრთხის წინაშეა. და მერე რა?! ვითომც არაფერი! ამერიკელი მაშინ ჩაგთვლის საინტერესოდ, როცა იქნები საჭირო, საინტერესო. ურთიერთობაში, მეგობრობაში, რაიმე ფორმით, რაიმე დოზით პროდუქტიული. სწორიც არის! როცა შენ (თითოეული ქართველი), რომელიც პირველ რიგში, ვალდებული ხარ იზრუნო საკუთარი ქვეყნის მომავალზე, დაიცვა, ისწავლო შენებისთვის და აშენო, რასაც არ აკეთებ და სანაცვლოდ ამერიკას სთხოვ ამ ყველაფრის გაკეთებას, ამით მის მხარდაჭერას მიიღებ? რატომ აქვს ისრაელს ამერიკისგან უდიდესი მხარდაჭერა? იმიტომ, რომ ისრაელმა დაიმსახურა, მოიპოვა დამსახურებული პატივისცემა და სანდო, საჭირო პარტნიორიც გახდა!



უკვე ცნობილი გახდა, რომ "რესპუბლიკური პარტია" კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს. სენატში "რესპუბლიკელებს" 51 ადგილი ექნებათ, "დემოკრატებს" კი - 47.  შესაძლოა, ახალი სენატის შეკრებამდე,  "რესპუბლიკელი" სენატორების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.  ანუ, გამოდის, რომ  "დემოკრატებს" სენატზე კონტროლიც არ ექნებათ. რამ განაპირობა ეს და თქვენი აზრით, რა გვაქვს ქართველებს სასწავლი ამერიკელი ხალხისგან?



-საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების" მიერ, ლამის დიქტატურის და ტირანიის ტოლფასად მონათლეს, ხოლო ამერიკაში სახელისუფლებო ყველა შტო დაიკავეს "რესპუბლიკელებმა" და აზრადაც არავის გაუვლია უპატივცემულოდ მოიქცეოდნენ ხალხის არჩევანს. ხალხმა მიანიჭა დღეს „ოცნებას"  საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამ არჩევანს პატივისცემა სჭირდება, რაც ხალხის და ხელისუფლების ერთობით უნდა გამოიხატოს. სხვანაირად როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა?!



ჯანსაღი ოპონირებაც საჭიროა და კრიტიკაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების ძირგამომთხრელი მოქმედება, ეს დაუშვებელია, იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დავაზიანოთ, როგრც შიგნით, ისე გარეთ. ჩვენი ალიანსი დადებს მალე კონკრეტულ გეგმებს და ხედვებს, რათა კონკრეტული გზები და საშუალებები შესთავაზოს საქართველოს ხელისუფლებას. ასევე, დიდი იმედი გვაქვს ჩვენი "რესპუბლიკელი" მეგობრების და პარტნიორების, რომელნიც გვერდში დაგვიდგებიან, ორივე ქვეყნისთვის საჭირო სასარგებლო საქმეში.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner