ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმიანება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიციამ აქცია დაარბია და მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. ყანდიაშვილი ფიქრობს, რომ ამ მოვლენების უპირველესი ჯალათი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.
„მართალია, ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის, მაგრამ არ ზის ადეიშვილი, არ ზის სააკაშვილი, არ ზის სანდრა რულოვსი! ესენი აუცილებლად უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე! სააკაშვილი 7 ნოემბრის უპირველესი ჯალათია და კიდევ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რის გამოც ციხეში უნდა იჯდეს!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.
ყანდიაშვილი აქვე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან 7 ნოემბრის გამო არ გადამდგარა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი „ფარსი" იყო.
„სააკაშვილი 7 ნოემბრის გამო არ გადამდგარა პრეზიდენტობიდან და რაც შემოგვთავაზეს, თავიდან ბოლომდე ფარსი იყო!
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ბურჯანაძე დატოვა, რომელმაც მშვენივრად იცოდა, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები სასტიკად გაყალბდა, თუმცა, არჩევნების შედეგი მაინც აღიარა და ძალაუფლება კვლავ სააკაშვილს გადაულოცა", - აღნიშნა კოკა ყანდიაშვილმა.