ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ეხმიანება აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას განცხადებას, რომ აფხაზეთი მონაწილეობას იღებს მასშტაბურ პროექტში, რომლის სახელწოდებაა „დიდი აბრეშუმის გზა". არეშიძის თქმით, აფხაზეთის ხელისუფლება თავის მოსახლეობას ფსევდო-პროექტს სთავაზობს იმის ასახსნელად, თუ რატომ აგებენ გზას რუსეთიდან აფხაზეთისკენ.
„თუ გავიხსენებთ ისტორიულად არსებულ სავაჭრო გზებს, ასეთი სავაჭრო გზა გადიოდა აფხაზეთის ტერიტორიაზეც, ოღონდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ვაჭრობდნენ თავიანთ მეზობლებთან, ისტორიულ ჯიქეთსა და დღევანდელი კრასნოდარის ტერიტორიას ვგულისხმობ, ის იყო ლოკალური ვაჭრობა და იმ საქარავნო გზასთან, რასაც დიდი აბრეშუმის გზა ერქვა, არაფერი ჰქონია საერთო. მაგრამ ისტორიას რომ თავი დავანებოთ, დღეს, უბრალოდ, აფხაზეთის ხელისუფლებასაც უნდა, მონაწილეობა მიიღოს იმ გრანდიოზულ პროექტში, რომელსაც ჰქვია დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი და თავიანთ მოსახლეობას ფსევდო-პროექტს სთავაზობენ. აბა, ხომ უნდა ახსნან, რატომ აგებენ გზას რუსეთიდან აფხაზეთისკენ?!
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უფრო მარტივი გზაც მოიძებნოს მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად ან მის დასარწმუნებლად, რომ ეს გზა აფხაზეთს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება და მასში ჩართულია ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიცაა ჩინეთი. თუ ჩინეთს დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა კავშირის დამყარება რუსეთის მეშვეობით, აფხაზეთი რაში სჭირდება?! აფხაზეთს არც ისეთი პორტები აქვს, რომ ინტენსიურად გადაზიდოს ტვირთები და არც რუსეთს დაუთმობენ ასეთ ტკბილ ლუკმას: მით უმეტეს, რომ რუსეთის ამ ნაწილში არსებობს საერთაშორისო მნიშვნელობის უზარმაზარი პორტი, როგორიცაა ნოვოროსიისკი და ვის რაში სჭირდება აფხაზეთის ტერიტორია და მისი პორტები?! მაგრამ ეს მცირე ერის კომპლექსია, უნდათ, იყვნენ ჩართულები დიდ პროექტებში, რომ მნიშვნელოვნად გამოჩნდნენ მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.