ოდესის ქალაქის საბჭოს დეპუტატმა, ვლადიმერ ვარეშჩენკომ განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული.
დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს „საბაჟო იარაღის კონტრაბანდისა და ნარკოვაჭრობისთვის სჭირდებოდა". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „პროფესიონალი თაღლითი, ავანტიურისტი და მოღალატეა".
როგორც ვლადიმერ ვარეშჩენკო ამბობს, სააკაშვილის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომით, „ოდესაში ერთით ნაკლები კანონიერი ქურდია".
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელზეც სამშობლოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 4 მუხლით, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, უმაღლეს რადაში შეღწევას შეეცდება, რათა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კონკურენტი გახდეს, შემდგომ კი მთლიანად უკრაინას უხელმძღვანელოს. მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება სურს", - აცხადებს ვლადიმერ ვარეშჩენკო.
თავად მიხეილ სააკაშვილი უარყოფს ბრალდებებს და ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად უკრაინაში არსებულ კორუფციას ასახელებს.