logo_geo
eng_logo
არქეოლოგებმა მაცხოვრის საფლავის ნამდვილ ფენას მიაკვლიეს
- +

13 ნოემბერი. 2016. 15:24



არქეოლოგებმა იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის გახსნისას ქვის ავთენტურ ფენას მიაგნეს. მასზე ორი ფილა იდო: პირველი - XVI საუკუნის მარმარილოს ფენა რომ აიღეს, მის ქვეშ მეორე ფენა დახვდათ, რომელზეც ჯვრები იყო გამოსახული და რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდის იყო.


28 ოქტომბრის ღამეს, როცა უკვე რამდენიმე საათში აპირებდნენ საფლავის დახურვას, არქეოლოგებმა მეორე ფილის ნამსხვრევებისგან გასუფთავებისას, კირქვის ორიგინალ ფენას მიაკვლიეს, რომელიც სპეციალისტთა ვარაუდით, შესაძლოა ქვის ის ზეადპირი იყოს, რომელზეც ჯვარცმის შემდეგ 3 დღე ესვენა მაცხოვარი.

 

„მე აბსოლუტურად გაოგნებული ვარ. მუხლებიც კი მიკანკალებს, რადგან ამას არ ველოდი. ჩვენ 100 პროცენტით არ შეგვიძლია ამის თქმა, მაგრამ ეს ხილული დადასტურებაა იმისა, რომ საფლავის ადგილი დროთა განმავლობაში არ შეუცვლიათ - ამ საკითხის ირგვლივ მეცნიერები და ისტორიკოსები მრავალი ათეული წლის განმავლობაში მსჯელობდნენ", - ამბობს გეოგრაფიის ეროვნული საზოგადოების არქეოლოგი ფრედერიკ გიბერტი.



„ეს ის წმინდა ქვაა, რომელსაც მორწმუნეები მოილოცავდნენ ასწლეულების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ახლა გაცხადდა ის ჩვენთვის", - ამბობს მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ანტონია მაროპოლო, რომელიც კუვუკლიის აღდგენის სამუშაოებს კურირებს.

 

 


ექსპერტებმა ასევე დაადასტურეს კირქვის ორიგინალი შრის არსებობა კუვუკლიის მღვიმის კედლებში. კუვუკლია არის მცირე ზომის მოყვითალო-მოვარდისფრო მარმარილოს გუმბათოვანი სამლოცველო, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ცენტრში მდებარეობს.


კუვუკლიის მარმარილოს ფილა, რომელიც საფლავზე იყო დადებული, პირველად XVI საუკუნეში მოხსნეს სამეცნიერო გამოკვლევების ჩასატარებლად. დათვალიერებისას ქვის მასალა დახვდათ და 60 საათიანი მუშაობის შემდეგ აღმოაჩინეს კიდევაც მეორე - ჯვაროსნული ლაშქრობების დროინდელი, ჯვრებიანი ფილა.



მაცხოვრის საფლავი - იერუსალიმის მეორე ტაძრის პერიოდში კლდეში ბუნებრივად გამოკვეთილი საფლავია. იესო ქრისტეს სხეული დაასვენეს ქვის დასასვენებელზე, რომლის ფართობია 200X80 სმ, ხოლო სიმაღლე - 60 სმ.


უძველესი დროიდან მოდიოდნენ მომლოცველები ამ ადგილას და ცდილობდნენ, რადაც უნდა დაჯდომოდათ ქვის მცირე ნატეხი მოეტეხათ და თან წაეღოთ როგორც სიწმინდე. ეს მცდელობები რომ აღეკვეთათ, წმინდა საფლავი თეთრი მარმარილოთი დაიფარა, რომელიც დროთა განმავლობაში გაყვითლდა. ზედა ფილა 1555 წელს იქნა დადებული.

 

 




მას შემდეგ ფილა არასოდეს აუღიათ. გადმოცემის თანახმად, ერთი მცდელობა მაინც ყოფილა: მუსულმანებს უცდიათ მარმარილოს ფილა აეღოთ და მეჩეთის დასამშვენებლად გამოეყენებინათ, მაგრამ როგორც კი სცადეს მისი დაძვრა, ნახეთქი აღმოაჩინეს. მისმა უეცარმა აღმოჩენამ მუსულმანები შეაჩერა და ფილა ადგილზე დატოვეს.


მაცხოვრის საფლავის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner