logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ორი ახალი ობიექტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
- +

13 ნოემბერი. 2016. 20:37


 

„სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშული პროექტის ოფიციალურ გახსნაზე.


განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.


სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს-სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს სათანადო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები შეასრულა შპს Black Sea Group"-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები.


„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღნიშნული კონტრაქტი, მართალია, უკვე გაფორმებული დაგვხვდა, თუმცა ის განწირული იყო მოსაშლელად. პროექტი დადებითი შედეგით მხოლოდ იმ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რომელიც სახელმწიფომ კომპანია Black Sea Group"-თან  გააფორმა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აღნიშნულ კომპანიას და მის ხელძღვანელს, გოგა კალანდაძეს იმისათვის, რომ მათ საქართველოს მისი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუში შეუნარჩუნეს.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარაჯიშვილების აღდგენილ მამულში შესაძლებელია გამოფენების მოწყობა. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მცირე სასტუმრო, რომელიც მზადაა პირველი სტუმრები მიიღოს.


სარაჯიშვილების მამულის პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა და 10-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.


დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმოს „სარაჯიშვილი დისტილერის" გახსნაში. სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.


„სარაჯიშვილი დისტილერი" სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner