საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, ხალხმა დაიჯერა, რომ საქართველოში არჩევნები ობიექტურად ტარდება. ამ დროს კი, თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის საგარეჯოში, რიგგარეშე არჩევნებში ჩარევა, უმრავლესობას ძალიან ბევრჯერ დახვდება წინ. ამის შესახებ თოფაძემ „ობიექტივის" ეთერში გუშინ განაცხადა.
„ამ ფონზე, როდესაც ხალხმა დაიჯერა, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება უკვე ობიექტურად, აი ეს ჩვენი თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ასეთი ჩარევა არჩევნებში, ძალიან ბევრჯერ დაგვხვდება წინ. ჩვენი ოპონენტები ასეთ დარღვევებს რაზეც ქალბატონი მინისტრი წავიდა, გაგვახსენებენ, გაგვაკრიტიკებენ. ეს მოპოვებული ნდობა ხალხის, შეიძლება შევარყიოთ", - განაცხადა თოფაძემ.
ამასთან, როგორც თოფაძემ გადაცემაში აღნიშნა, მას შეუძლია დოკუმენტები წარადგინოს, რომ საგარეჯოში დარღვევები მოხდა.
მისი თქმით, რწმენა ხალხში, რომ არჩევნები მომავალში ობიექტურად ჩატარდება, დაიკარგა.
„ეს იყო იმიჯის დაგდება, რომ ასეთი თავხედური ნაბიჯი გადადგა თავდაცვის მინისტრმა", - განაცხადა თოფაძემ.
მისი თქმით, ხიდაშელმა ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და აუცილებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი დაიკითხოს.
მან გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მიიტანა, სადაც მისი თქმით, ასახულია, თუ როგორ ერევა ხმების დათვლაში თინათინ ხიდაშელი.