აზერბაიჯანული გამოცემა „kaspiy.az" ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლას ეხმაურება და მას „უკუგდებულ ვარიაგს" უწოდებს.
გთავაზობთ ალი საიდოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
- შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მიზეზები საკმაოდ ბანალურია. მან ხომ მშვენივრად იცოდა, რაზედაც მიდიოდა? მან ხომ იცოდა, რომ ოდესაში „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა", მით უმეტეს, როცა ეს „მერცხალი" უცხოელი იყო? ჰოდა, საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილი უბრალო ტრაბახა და ცრუპენტელა ჩინოვნიკად გადაიქცა. თუმცა მან დროულად შეამჩნია პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება და თავს უშველა, ეგზეკუციას განერიდა. უფრო ღრმა დაკვირვებით კი, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაციით არაა ნაკარკახევი, მას ერთმნიშვნელოვნად აქვს საგარეოპოლიტიკური მიზეზებიც, კერძოდ, სამშობლოდან მონაბერი ნიავი: საქართველოში მისმა პარტიამ კატასტროფული მარცხი განიცადა, ახალ პარლამენტში მას გავლენის არავითარი ბერკეტები აღარ ექნება. პარალელურად, მიხეილის ცოლმა სანდრამ უარი განაცხადა დეპუტატობაზე. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ორი ძირითადი მიზეზი წარმოჩინდა, რომლებმაც სააკაშვილების წყვილს გადადგომისაკენ უბიძგა: პირველი - მათ მიერ ჩამოყალიბებული პარტია „ნაცმოძრაობის" კრახი საპარლამენტო არჩევნებში და მეორე - საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში.
პირველმა მიზეზმა მას სამშობლოსკენ მიმავალი გზა გადაუკეტა. არადა, როგორც გვახსოვს, მას საქართველოში ტრიუმფალური დაბრუნების იმედი ჰქონდა. საბოლოოდ კი მიხო სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდა: ყოფილმა პრეზიდენტმა ისეთი დარტყმა მიიღო, რომ მისი გეგმები საქართველოსთან მიმართებით ღრმად დაიმარხა. იგი საბოლოოდ გადაიქცა ისეთ მარგინალურ ფიგურად, რომელსაც სამშობლოში არანაირი პოლიტიკური წონა აღარ აქვს. ერთი სიტყვით, მიხო „განულდა".
რა რჩება ექს-პრეზიდენტს ასეთ სიტუაციაში? რასაკვირველია, მზერა ვაშინგტონისაკენ. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ინტერესების ერთგული გამტარებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში. რაღა ბევრი ვილაპარაკოთ და უკრაინაშიც ხომ იგი დასავლეთის (ჩათვალე: ვაშინგტონის) პროტექციით დაინიშნა? სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ამერიკელ რესპუბლიკელებთან კარგ ურთიერთობაში იყო (ჯორჯ ბუში-უმცროსი თბილისშიც კი ჩავიდა), შემდეგ კი დემოკრატებთანაც იგივე ურთიერთობა გააგრძელა (სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ეწვია თბილისს). ჩნდება კითხვა: ხომ არაა დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მოქმედება აშშ-ში არჩევნების შედეგებთან? ჰილარი კლინტონი რუსეთთან კონფრონტაციას აპირებს, დონალდ ტრამპი კი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას და იზოლაციონიზმის პოლიტიკას უბრუნდება. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას მსხვერპლის - „შემწვარი ბატის" როლი ელოდება. საეჭვოა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ბედს გაიზიარებს. როგორც ამბობენ ხოლმე, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია: გუბერნატორის გადადგომა შეიძლება უბრალო მიზეზით აიხსნას: მან დაკარგა ავტორიტეტი საქართველოში, უკრაინაში კი, რომელიც ქაოსში იძირება და დასავლეთს აღარ აინტერესებს, მან ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. მიხო სრულ პოლიტიკურ ბანკროტად იქცა. ასეთ სიტუაციაში ყოფილ პრეზიდენტს, ალბათ, ერთადერთი გამოსავალიღა რჩება: დასავლეთის რომელიმე სახელმწიფოს რომელიმე სტრუქტურაში შეძრომა, უმჯობესია, ალბათ, აშშ-ში. იქ ახლა, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ადმინისტრაციის ცვლილება მაინც მოხდება, თუმცა მიხოს, რასაკვირველია, ჰილარი კლინტონის გამარჯვება ურჩევნია. ასე რომ, მიხეილ ნიკოლოზოვიჩისათვის ვაშინგტონში ყოფნა აუცილებელია, რათა თეთრი სახლის ახალი ბინადარის ყურადღება მიიპყროს...