„მინდა ყველა იცნობდეს აკა სინჯიკაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ღამე სახლიდან გამოდის და..."- ამ სათაურით აქვეყნებს ფეისბუქის გვერდი- „დრო მიდის, კადრები რჩება" ახალგაზრდა ვალერი სინჯიკაშვილის ფოტოს, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედორვეობის ერთ-ერთი გმირია.
„მინდა ყველა იცნობდეს აკა სინჯიკაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ღამე სახლიდან გამოდის, მანქანას ტაქსის ტრაფარეტს ადგამს და იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ მშიერი ხალხი გამოკვებოს. აკა ტაქსაობიდან შემოსული ფულით ყიდულობს პროდუქს, აკეთებს ჰამბურგერებს და აჭმევს მათ, ვინც ჩვენზე ზრუნავს, მაშინ როცა ჩვენ მშვიდად გვძინავს."- წერს გვერდი.
„რეპორტიორი" დღიურიდან აკა სინჯიკაშვილის ამონარიდებს გთავაზობთ:
ყველაფერი მოხდა ასე:
9 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე, ტაქსაობით სულ მოგროვდა 67 ლარი. რომლითაც ვიყიდე 36 ბურგერი და ზუსტად ამდენივე ადამიანმა შეიმსუბუქა შიმშილი დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დანარჩენი:
1. მგზავრები გაცილებით დამპლები არიან, ვიდრე მძღოლები. (ორჯერ გადამაგდეს)
2.ტაქსის ნიშანი მანქანაზე ნიშნავს, რომ ვაბშე ყველას ფეხებზე კიდიხარ ქალაქში.
3. ტაქსის მძღოლი მანქანაში ნივთივითაა და მასთან ერთად ყველაფერი შეიძლება, მაგალითად ცოლის გინება.
4. მგზავრები ყოვლად უსირცხვილო ფასს გთავაზობენ მაგალითად პავლოვიდან ვარკეთილში 4 ლარი.
5. ყველას ტაქსში ახსენდება რომ ძველი ბიჭია და შენზე ცდის ვაჟკაცობას.
6. ღორებივით იქცევიან, ყრიან ნაგავს და აქრობენ სიგარეტს რამეზე.
დღეს, პატრულიც გამოვკვებეთ, იქნებ ნაკლები აგრესია და მეტი ზრდილობა ქონდეთ და ასევე დაცვის ბიჭი ვისი, ვისი ხელიცაა გამოყოფილი ფოტოზე რკინის ღობიდან. უფროსმა გამომაგდო და მერე ჩუმად მივეცი, აიღო და უბის ჯიბეში შეინახა, ძლივს იდგა ფეხზე.
ფოტოს ვდებ მხოლოდ იმის გამო, რომ ისეთებიც გამოჩნდებიან, ამ ამბავს რომ არ დაიჯერებენ.
მთელი ამ ამბის მიზანია, რომ უფრო მეტ ადამიანს მოუნდეს დახმარება და როდესმე მოხდეს ისე, რომ არავინ იყოს მშიერი ამ ქვეყანაში.
მეორე ღამე გაცილებით მაგარი გამოდგა:
შეგროვდა 104 ლარი
არავის გადავუგდივარ...
მთელი ღამე მირეკავდნენ სულ მთლად უცნობი ადამიანები.
მოგებული თამაშის მერე სახლში წავიყვანე რაგბის ნაკრების ცოფი- თამაზ მჭედლიძე.
ვინც მანქანაში ჩამიჯდა, ყველა იყო ერთმანეთზე მეტად ჯიგარი.
ყველამ მეტი გადაიხადა.
ერთი თქვენგანის რჩევით, ვიყიდე მასალა და მე თვითონ გავაკეთე ბურგერები, ორჯერ მეტი გამოვიდა. ამის ხარჯზე ნამდვილ საუზმეს დაემსგავსა და თითო ადამიანს გადაეცა ბურგერის გარდა კოკა-კოლა და შოკოლადი.
გამთენიისას საუზმის დარიგება შარიანი საქმე გამოდგა, ჩემს საქციელზე ექვსჯერ გამაჩერა პატრულმა, ორჯერ კრიმინალურმა პოლიციამ. ჯიგარი გამოდგა პავლოვის პატრული ირაკლი, რომელმაც რაციაში დაიძახა ჩემი ნომერი და შემეშვნენ.
სულ საუზმე გადაეცა 38 ადამიანს, აქედან 5 პატრულს, ორ „სტაიანშჩიკს", ერთ უსახლკაროს, დანარჩენი სულ მეეზოვეებს და ერთი ცალი მე შევჭამე. რუსთაველზე თავისუფლებაზე მარჯანიშვილზე და ვორონცოვზე არცერთი მეეზოვე არ დარჩენილა უსაუზმოდ.
ყველაფერზე დიდი მადლობა ლალი თორდიას და ყველა იმ ადამიანს ვინც ფულით თუ უფულოდ მხარს უჭერდა ამ წამოწყებას. ძმები ხართ ყველა!
პ.ს. ფოტოზე მე და კახა შევთანხმდით რომ სცენარისტები და მეეზოვეები ყველაზე მაგარი ტიპები არიან ვაბშე...