საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის სააღდდგომო ეპისტოლეში ორიენტირების აღრევაზე ისაუბრა.
„დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევა, როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი - საშუალებად. არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობები.
მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის და თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი ასეთი შეკრებები ხშირად ღრეობად და დაუსრულებელ შეკრებად იქცა. სადღეგრძელოები კი ფარისევლურ ქება-დიდებად. რაც უნდა გამოსწორდეს.
რა კი პურობისა და ღვინის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა.
ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობას სდებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვას, საუფლო საქმედ მიიჩნევდა.
ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს და მესხეთ-ჯავახეთში, ჯიშები ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა დიდი დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.
საჭიროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება და სწორ ორიენტირებს დავუბრუნდეთ. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. და ამაში გულანთებული, უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული", - ბრძანა პატრიარქმა.