logo_geo
eng_logo
დღეს მურმან ლებანიძის დაბადების დღეა
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:14



პოეტი მურმან ლებანიძე 1922 წლის 14 ნოემბერს, აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში დაიბადა.


1940 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა, იბრძოდა ჯერ კავკასიონის უღელტეხილზე, შემდეგ - ყუბანში. 1943 წელს ჭრილობების გამო დაბრუნდა თბილისში და 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1945 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1948 წელს დაამთვარა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.



1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.



1975-95 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1975-78 წლებში - ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პ/მგ მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე (1978-94), 1994 წლიდან - თავმჯდომარე. იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.



ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი.



ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. პოეტმა შეძლო, ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.



პოეტის მთავარი წიგნებია: „რჩეული" (1972), „ანისის აღება" (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" (1974), „რჩეული ლირიკა" (1977), „რჩეული" (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები" (1963), „ოთხი დრო" (1964), რჩეულ თხზულებათა ორტომეული (1989); „უკვდავი ყვავილები" - კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (1988), „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!" (1981).



მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.



1970-72 წლებში შექმნილი ნაწარმოებებისათვის - ისტორიული პოემისათვის - 1973 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1992 წელს წიგნისათვის „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ" მიენიჭა გ. ტაბიძის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995). 1995 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.



მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner