logo_geo
eng_logo
თბილისში გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნება
- +

14 ნოემბერი. 2016. 14:38



თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში დღეს გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და გამოფენის კურატორი კომპანიის „Galgano&Tota"-ს და გამოფენის სპონსორის „ვითიბი ბანკის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი"  მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და პროფესიონალიზმს და  იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებმაც „იტალიური სტილის" დამკვიდრებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გამოფენაზე ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები იქნება წარმოდგენილი. კომპანია „Galgano&Tota"-ს მიერ  მომზადებული ექსპოზიცია თითოეული დიზაინერის განმასხვავებელი ნიშნების  წარმოსაჩენად შერჩეულ 80-მდე  ისტორიულ მოდელს  მოიცავს.



თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის განცხადებით, გამოფენა  იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ქართველი წარმოშობის იტალიელი დიზაინერის ირენე გალიცინას ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი.



შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართულ-იტალიური პროექტი, რომელიც არის გამორჩეული თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით იმიტომ, რომ საქართველოში ჩამოსულია იტალიის მოდის 60 წლიანი ისტორია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა  როგორც დიზაინერებისთვის, ასევე  ზოგადად მოდით დაინტერესებული ადამიანებისთვის", - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

 


გამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმი 14 ნოემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით  უმასპინძლებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner