2016 წლის 6-8 დეკემბერს, ვარშავის უნივერსიტეტში პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას პატრონატით გაიმართება წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავს ეძღვნება
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა „წერის ანბანური სისტემა და ქართული დამწერლობა" და „ქართული ჰიმნოგრაფია", რომელიც პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერები წმ. გრიგოლ ფერაძის პრემიით დაჯილდოვდებიან.
ამასთან ერთად გაიმართება ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies" 25 წლის იუბილე და შედგება საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია.
კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, პოლონელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერები.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენცია ხელს უწყობს ევროპაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია 2002 წლიდან ტარდება ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ინიციატივით.