logo_geo
eng_logo
„ბასიანის“ წარმატებული საკონცერტო ტურნე აშშ-ში
- +

14 ნოემბერი. 2016. 18:03


 

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში მოეწყობა შემაჯამებელი პრესკონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლბასიანის" წარმატებული საკონცერტო ტურნეს შესახებ.

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ანსამბლ „ბასიანის" სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ანსამბლის დირექტორი ზურაბ წკრიალაშვილი და სოლისტი გიორგი გაბუნია  გაუძღვებიან.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებს  „ბასიანი" კონცერტებით 16 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე სტუმრობდა. ღონისძიებები ამერიკული საპროდიუსერო კომპანიის „David Eden Productions"-ის ორგანიზებით გაიმართა.


პირველ კონცერტს, რომელიც „ბასიანმა" კალიფორნიის შტატში, სტენფორდის დიდ საკონცერტო დარბაზში „Stanford Live's Bing Concert Hall" გამართა, აღფრთოვანებულ მსმენელთა დიდი ოვაციები და გაზეთ  „Los Angeles Times"-ის გამოხმაურება მოჰყვა.


მომდევნო კონცერტებმა „Berkeley"-ს უნივერსიტეტში, „The Broad Stage Performance" სანტა-მონიკაში და UCSB სანტა-ბარბარაში სრული ანშლაგით ჩაიარა.


კონცერტების პარალელურად, „ბასიანმა" ვორქშოფები და მასტერკლასები გამართა. სანტა-ბარბარაში „ბასიანის" წევრები ქალთა ანსამბლს „კიტკა"-ს შეხვდნენ, რომლებმაც რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეისწავლეს. მათივე ინიციატივით, 19 ოქტომბერს მოეწყო საჯარო ვორქშოფი, სადაც ყველა მსურველს შეეძლო მოხვედრა, ქართული სიმღერების შესწავლა და ქართული ტრადიციული მუსიკალური საშემსრულებლო ხელოვნების გაცნობა.


ანსამბლმა ტურნე კალიფორნიიდან დაიწყო, სადაც 10 დღე დაჰყო და კონცერტები 4 ქალაქში გამართა: სტენფორდი, ბერკლი, სანტა-მონიკა და სანტა-ბარბარა.


კალიფორნიის შემდეგ, ანსამბლი აღმოსავლეთ სანაპიროს ეწვია, სადაც წარმოდგენები  გამართა ნიუ-იორკში, პენსილვანიაში, ილინოისსა და ტექსასში. ტურნეს ფარგლებში „ბასიანის" კონცერტები გაიმართა ამერიკის ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, როგორიცაა: Stanford Live's Bing Concert Hall, The Town Hall (NY), Krannet Center for Performing Arts (Champaign, IL) და სხვა.


ამავე ტურნეს ფარგლებში, 28-29 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდქართული გალობის" მხარდაჭერით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში - ShapeShifter Lab, პირველად განხორციელდა ნოვატორული პროექტი აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტისა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძისა და ანსამბლბასიანის" მონაწილეობით, სახელწოდებით „Giorgi Mikadze with the State Ensemble Basiani - Video & Recording Session". პროექტი მიზნად ისახავდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნას, ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაციას, უმაღლესი სტანდარტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნას, ახალი თანამედროვე მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაციასა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner