logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: ბოდიში და ერთი ადგილიც უნდა გაანძრიონ!
- +

17 თებერვალი. 2016. 22:38


18 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი გეგმის პრეზენტაციას გამართავს.


პრეზენტაციამდე, ერთი დღით ადრე, JAKO FM სფფ-ს პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ. JAKO FM-მა, პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოიპოვა მთავრობის დადგენილება, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი ყველა ის თანხა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიხარჯება. მნიშვნელოვანია ის, რომ 265 მილიო ლარში შედის ის 7 მილიონი (ჯამში 35 მილიონი), რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად სპორტის სამინისტროსგან იღებს.


უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ახალი ფორმატის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ეროვნული პირველობა ათ გუნდიანი გახდება. 10 გუნდიანი გახდება პირველი ლიგაც. სამთავრობო პროექტის ფარგლებში კი, მეორე წრის დასასრულებლად, უმაღლესი ლიგის გუნდები 800-800 ათას ლარს მიიღებენ. უფრო დეტალურად, თუ რას მოიცავს ეს პროგრამა და რატომ არ დევს ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელს განვითარების გეგმაში, JAKO FM -ის კითხვებს, ლევან კობიაშვილი პასუხობს. სფფ-ს პრეზიდენტთან ინტერვიუ საკმაოდ ვრცელია, რის გამოც, თემატიკიდან გამომდინარე, ორ ნაწილად მოხდა მისი გაყოფა.


- 18 თებერვალს, ფეხბურთის განვითარების ხუთწლიან გეგმას წარადგენთ. როგორც სპორტის მინისტრმა დაანონსა, პროგრამა თებერვლიდან ამოქმედდება, რამე ხომ არ შეცვლილა?

- ეს განვითარების პროგრამა, როგორც ხედავთ, წარვადგინეთ, მოიწონეს და დაამტკიცეს. დანარჩენი, როგორ მოხდება, როდის ჩაეშვება და ამოქმედდება, ჩვენი ინფორმაციით, ეს ყველაფერი მეორე წრის დაწყებამდე უნდა დაიწყოს. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შემდეგი სამუშაო პროცესია, რაც უკვე ფონდმა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვართ ზოგადი ხედვის, განვითარების გზის წარმდგენები, დანარჩენი რა უნდა გაკეთდეს, ამაში ფონდის მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.


- მთავრობის სხდომაზე მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ ყველა იმ მუნიციპალიტეტმა, რომელიც ფეხბურთისთვის თანხას ხარჯავს, 10 დღის განმავლობაში, ფონდს უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და თანხა ფონდს მიაწოდონ. ეს ვადა ამოიწურა, მოხერხდა მუნიციპალური გუნდების ბიუჯეტების ერთ ფონდში გაერთიანება?

- ეს არის ის საქმე, რაც ფონდმა უშუალოდ უნდა განახორციელოს, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და სპორტის სამინისტროებთან ერთად. ამ უწყებების წარმომადგენლები არიან გამგეობის წევრები. ჩვენც ჩართული ვართ ამ პროცესში, მაგრამ დეტალურად როდის მოხდება, ჯერ გამიჭირდება ამაზე საუბარი, ხვალ მოხდება თუ ზეგ, თუმცა, ფაქტია, რომ დამტკიცებულია.


- აღნიშნული პროგრამის მიხედვით, წლევანდელ წელს სულ 40 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან, კლუბების საბაზისო დაფინანსება - 35 მილიონ 400 ათასი ლარი, ფინანსური სტიმულირება - 1 მილიონ 900 ათასი ლარი, საპრიზო და პრემიალური ფონდი - 1 მილიონ 350 ათასი ლარი. რომ განვმარტოთ, რას მოიცავს თითეული პუნქტი და როგორ დაიხარჯება ეს თანხები?

- კლუბების დაფინანსების სამი კალათა არსებობს. პირველი - კლუბებს გარანტირებულად ეცოდინებათ, რა თანხას მიიღებენ სეზონის დაწყების წინ. მეორე - კლუბები მიიღებენ დაფინანსებას თავიანთი შედეგებიდან გამომდინარე. ეს მიღებული ფორმაა ყველგან. დღემდე იყო, რომ უმოტივაციო გუნდი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ადგილზე გავიდოდა და რამდენ ქულას აიღებდა, ვერც ზემოთ ადგილებზე იქნებოდა და არც დაბლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თამაშს ექნება თავის ფასი და მათი დაფინანსება გაიზრდება შედეგებიდან გამომდინარე და მესამე - კლუბებმა იზრუნონ იმაზე, რომ დააინტერესონ ინვესტორი. სპონსორისგან მოძიებულ თანხას, ფონდი დაუმატებს კლუბს, თუმცა ზედა ზღვარი არსებობს, რომელზე მეტსაც ვერ გასცემს ფონდი. ასე უფრო საინტერესო იქნება ინვესტორისთვის ქართული კლუბები.


- მომავალ წელს, სტიმულირების ფონდი 9 მილიონით განისაზღვრება. ზედა ზღვარი აიწევს?

- არა, ზედა ზღვარი გარკვეული თანხაა. თუ ნებისმიერი კლუბი დახარჯავს გაცილებით მეტს, ვიდრე ის თანხაა, დახარჯული არ ანაზღაურდება. რაც შეეხება 9 მილიონს, ეს თანხა იმიტომ იზრდება, რომ მთელ სეზონზეა გაწერილი და იქ ყველაფერი სხვანაირად იქნება.


- საპრიზო ფონდისთვის მილიონ 350 ათასი ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სეზონზე იქნება საპრიზო ადგილები?

- ჩვენ დაწყებულ ჩემპიონატზე ვსაუბრობთ. ერთი წრე ნათამაშებია, მეორეს ვთამაშობთ და არ იქნება სწორი, რომ ამ ქულებითა და დაფიქსირებული შედეგებით განვსაზღვროთ რამე. ვსაუბრობთ იმაზე, როდესაც მომავალში  სრულად ნოლიდან დაიწყება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ის თანხა, რომელსაც კლუბები მეორე წრისთვის მიიღებენ. ბევრ კლუბს დავალიანებები აქვს და ეს ცალკე თემაა. მთავარია, მეორე წრე დასრულდეს და კლუბებმა მიიყვანონ ჩემპიონატი ბოლომდე.


- ანუ მიმდინარე სეზონის გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდიდან თანხა არ იქნება დაწესებული?

- ეს ცალკე საკითხია. ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ ეს ფონდმა უნდა გადაწყვიტოს.


- რატომ არ დევს ხუთ-წლიან პროგრამაში, 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები?

- არჩევნებამდე ბევრს ვსაუბრობდი, თანხები, რაც ფეხბურთში მუნიციპალიტეტების საშუალებით იხარჯებოდა, არამიზნობრივად და არასწორად იხარჯებოდა. ამ ხუთ წელიწადს თუ ავიღებთ, საუბარია იმ თანხებზე, რაც აქამდე გადაიყარა. აქ სხვადასხვა პროგრამებია ჩაშლილი, როგორც სოციალური, ისე განვითარების, განათლების, მენეჯმენტის, ლიცენზირების და ა.შ. სფფ აქამდე სულ იძახდა, რომ შეხება არ ჰქონდათ ამ თანხებთან. ჩვენი მიზანი იყო, მიგვეღწია ამისთვის.  ამ პროექტში რაც დაიხარჯება, იქნება მიზანმიმართული და ეს გვეცოდინება. რაც მთავარია, თანაბრად იქნება გადანაწილებული. სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს სპორტის სამინისტრო განახორციელებს, რომელსაც აქვს ეს პროექტები. იგეგმება სტადიონების მშენებლობა მომდევნო წლებში. ეს ფონდის სამუშაოა. ფონდი მარტო იმისთვის არ იქნება, რომ თანხები გასცეს და მიზანმიმართულება მისცეს, ისინი თანხის მოზიდვას შეეცდებიან სხვადასხვა საშუალებებით.  თუმცა, ეს არ გამორიცხავს, სფფ-სა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ პროექტებს ამ მიმართულებით.


- თქვენ ძალიან ბევრს საუბრობდით მწვრთნელთა განათლებაზე, თუმცა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 5 წლიან პროექტში, ამასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი გამოყოფილი არაა, რასთან გვაქვს საქმე?

-  ამას განვმარტავთ ზუსტად 18 რიცხვში, როდესაც პრეზენტაციას წარვადგენთ. ზუსტად ამაზე ვისაუბრე. პროგრამაში არის ჩაშლილი პროექტები. წელს, პირველად, ქართულ ენაზე, ფეხბურთის მენეჯმენტის კურსი გვექნება. მომდევნო წლებში ეს უფრო გაიზრდება. კლუბებში დასაქმებული ადამიანები გადამზადდებიან. მოხდება მწვრთნელების გადამზადებაც. სიახლე  გვექნება, რაზეც 18 თებერვალს ვისაუბრებთ. უფრო დაბალი საფეხურის ლიცენზიას გავაკეთებთ, რომ სპეციალისტებმა მასობრივი ფეხბურთის კუთხით იმუშაონ სკოლებში და ა.შ.

 

- როდესაც ეს პროგრამა დამტკიცდა, თქვენ თქვით, რომ ეს ისტორიული დღე იყო ქართული ფეხბურთისთვის. თუკი ამ თანხას 5 წელზე გავყოფთ, 53 მილიონი გამოდის, წლიურად კი საშუალოდ 43 მილიონი იხარჯებოდა ქვეყნის ბიუჯეტიდან, ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ცალკე ფედერაცია 7 მილიონს ვეღარ მიიღებს და მისი ბიუჯეტიც ამ პროექტში დევს, გამოდის, რომ თანხა არ გაზრდილა. მაშინ რა არის ამ პროექტის პლიუსი, ის, რომ თქვენ გააკონტროლებთ ხარჯებს?

- ფეხბურთის ფედერაციას ლარი არ ემატება ამ პროექტის დამტკიცებით.


- სწორედ ამას გეკითხებით, ის შვიდი მილიონი, რომელიც ფედერაციას ყოველწიურად ჰქონდა, 265 მილიონ ლარში შევიდა. ეს თანხა ნაკრებებისა და ხელფასებისთვის იყო. პროექტის აღწერაში კი ეს გაწერილი არ არის. სად წავიდა თქვენი ბიუჯეტი?

- ეს ცალკე პროექტია, ისედაც დამტკიცებულია და ვიცით, რაში მიდის შვიდი მილიონი.


- კი, მაგრამ ამ ხარჯთაღრიცხვაში ზუსტად არის გაწერილი 265 მილიონი და სად არის ცალკე 7 მილიონი?

- შვიდი მილიონი მოიცავს ყველაფერს. არამხოლოდ ხელფასებს, ნაკრებების მომზადებას, მათ შეკრებას, მგზავრობას, მსაჯების დაფინანსებას, მხოლოდ ეროვნული ნაკრები არ არის აქ. ამიტომ ვამბობ, ფეხბურთის ფედერაციას ამ პროექტის დამტკიცებით არაფერი მომატებია. შვიდ მილიონზე რაღა უნდა მოგვაკლონ. ეს დაფინანსება, რასაც ვიღებთ გაწერილია.

 

- რამდენი იქნება საწყისი თანხა, რომელსაც უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი მიიღებს საწყის ეტაპზე?

- მოდით, დაველოდოთ, 18 რიცხვს. შეხვედრა გვაქვს კლუბების წარმომადგენლებთან, პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებთან და მათ ყველანაირი ინფორმაცია ექნებათ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე გუნდის მწვრთნელის ლაპარაკი მოვისმინე და უკმაყოფილოები არიან, დაფინანსება ცოტა იქნებაო. ჯერ ერთი, არ იციან, რამდენი იქნება დაფინანსება და მეორე - ძალიან უხერხულია, როდესაც საუბრობ წინასწარ რაღაცაზე, როდესაც არ გაქვს ინფორმაცია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც რაღაც თანხებზე საუბრობენ და მეტს ელიან. თუ უნდათ, მაშინ უნდა დაიმსახურონ. ამიტომ ვთქვი, რომ ამ პროგრამის საშუალებით, კლუბებს აქვთ საშუალება, განვითარდნენ. კლუბი ვერ განვითარდება, თუ არ იცის რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ერთი, რომ კლუბებს გარანტია აქვთ და მეორე, ბოდიში და ცოტა ერთი ადგილიც უნდა გაანძრიონ, იმისთვის, რომ რაღაც მოიტანონ და ისე წარმართონ თავიანთი პოლიტიკა, მენეჯმენტი, რომ დააინტერესონ სპონსორი და მარტო ამაზე არ იყვნენ ჩამოკიდებულები. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, მეორე გუნდს სრულიად უსასყიდლოდ აძლევს ფეხბურთელს და არ ფიქრობს, რომ ტრანსფერიდან რაიმე შემოსავალი მიიღოს.


- ჩვენ ვიცით, რომცხინვალმა" ტრანსფერიდან სოლიდური თანხა მიიღო, მაგრამ მაინც ფინანსური პრობლემებია...

- სწორედ ეს არის პრობლენა, უხერხია, რომ ასეთი გუნდების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თურმე მეტი უნდათ. თუ მეტი უნდათ, მეტი უნდა იმუშაონ, რაღაც გააკეთონ, ერთი ადგილი აამოძრაონ და რაღაც შემოიტანონ. მაშინ, მე და ნებისმიერი დავსვამთ კითხვას, რატომ უნდა იყოს ის ადამიანი ხელმძღვანელი და რატომ სხვა არა. ეს არის მიდგომა, რომელიც იყო დამღუპველი და მეტი აღარ მოხდება. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, როგორ შემცირდა კერძო კლუბების და კერძოს სექტორის დაინტერესება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამასაც წარმოვადგენთ პრეზენტაციაზე. მათ ექნებათ საშუალება, ისუნთქონ, რამდენად ღრმად ისუნთქებენ, ეს მათ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.


- აქაც ვაწყდებით ერთ პრობლემას. კლუბებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები მაისის ბოლომდე, რომლის დასაფარად, ფონდიდან გაცემული თანხა საკმარისი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ დილას სახელფასი ბიუჯეტი 5 თვეში 900 ათას ლარზე მეტია, ვიცით, რომ ერთი წლის ბიუჯეტი სამი მილიონია ბათუმის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გორის დილას შემცირებული ბიუჯეტი ერგო, ხოლო ერთიან ფონდში თავმოყრით, ბათუმის თანხიდან, შესაძოა გორის დილას ხელფასების გადახდა მოხდეს, მაშინ გაჩნდება კითხვა - თანასწორი პირობები იქნება ყველასთვის?


- ეს ვალდებულებები კლუბებმა უნდა მოაგვარონ. არასწორად გათვლილი პოლიტიკის შედეგია. ვის ჰქონდათ იმის გარანტია, რომ მომდევნო წელსაც იგივე ბიუჯეტს დაუმტკიცებდნენ. რას აკეთებდნენ კლუბები აქამდე? ჯერ სახელფასო ფონდს ადგენდნენ და შემდეგ ფიქრობდნენ, რა ჩაეცვათ, ბურთები ეყიდათ. ამან მიიყვანა ფეხბურთი აქამდე. დღეს, კლუბს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეცოდინება, რომ მისი სავარაუდო მინიმუმი ესაა. ფონდს ექნება მოთხოვნები და ვალდებულებებს გაუჩენს კლუბებს. თუ კლუბი სპონსორს მოიზიდავს, შემდეგ მოიყვანოს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები. მათ უნდა მოაწესრიგონ ის ვალდებულებები, რაც, საბოლოო ჯამში, ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლის სურათზე აისახება.


- ანუ ეს მათი პრობლემა იქნება, როგორ მოაგვარებენ ამ ვალდებულებებს?

- რა თქმა უნდა. ეს მათი ვალდებულება იქნება, მაისის  ბოლომდე მოაგვარებენ ამ ყველაფერს.


- ფეხბურთის განვითარების ფონდში ის თანხები მოხვდება, რასაც მუნიციპალიტეტები კლუბებს აძლევებ, თუმცა ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ დამტკიცებული ბიუჯეტიდან, ქუთაისის ტორპედომ 167 ათას ლარზე მეტი მხოლოდ კვების ტენდერების გააფორმა. ამას ვინ გამოიძიებს?

- ზუსტად ეს ფონდი. ფონდი არ ნიშნავს მარტო თანხების გაცემას. ფონდში შევა ადამიანების ჯგუფი და ბუნებრივია, ქუთაისი ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს.


- ჩემი ინფორმაციით, ეს თანხა 800 ათასი ლარი იქნება...

- თქვენი ინფორმაციით კი და გიდასტურებთ მხოლოდ მეორე წრეს.


- ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 10-მდე უნდა შემცირდეს. ბუნებრივია, ეს ვერ მოხდება შემდეგ სეზონზე, სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე. თუ 5 წლიან გეგმას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მომდევნო წლებში კლუბების დაფინანსება 24 მილიონამდე მცირდება, რაც პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ გუნდების რაოდენობა შემცირდება. რა სქემით აპირებთ ამას?

- ერთს გეტყვით, სპორტული პრინციპი არ დაირღვევა არცერთ შემთხვევაში. ეს გეგმა და მოდელი არსებობს, რომელზეც კლუბებთან ვისაუბრეთ, ვისაუბრებთ მედიასა და საზოგადოებასთან, რომ მათ ინფორმაცია ჰქონდეთ, რას ვგეგმავთ.


- ადასტურებთ, რომ გუნდების რაოდენობა 10-მდე შემცირდება?

- მე გიდასტურებთ იმას, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. რამდენად გადაიდგმება და განხორციელდება ეს ნაბიჯი, დეტალურად ვერ გეტყვით. ამ თემაზე ვისაუბრე გუნდებთან. მათ ექნებათ ინფორმაცია. ერთადერთი, რის გარანტიასაც ვიძლები, თუ ფორმატი შეიცვლება, არ დაირღვევა სპორტული პრინციპი. ამ ჩემპიონატის შემდეგ ჩატარდება კიდევ რაღაც გარდამავალი, აქედან გამომდინარე მოხდება ცვლილებები.


- გუნდების თანხმობაც დაგჭირდებათ, ალბათ...

- გუნდების გარკვეული რაოდენობა, ალბათ, არ მიესალმება და ამის წინააღმდეგი იქნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, დაინახავენ, თუ რას ემსახურება და რა შედეგის მოტანა შეუძლია, დამერწმუნეთ, ბევრ რამეს გაიგებენ სწორად. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ პირველი ლიგა საინტერესო არავისთვისაა. ამ მოდელის საშუალებით, როგორც უმაღლესი, ისე პირველი ლიგა იქნება ძლიერი და ეს გამოიწვევს იმას, რომ ჯამში, 10 ძლიერი გუნდი გვეყოლება უმაღლეს ლიგაში და 10 - პირველ ლიგაში.

 

 

 

მაგდა კლდიაშვილი 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner