„ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
წივწივაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აღარაფერს წარმოადგენს. როგორც წივწივაძე აღნიშნავს, გიგა ბოკერიამ და სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება დაამხონ.
„გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა და ბოკერიამ ერთმანეთიც დაამხონ და ნაციონალური მოძრაობაც. ამათი შებმა დაახლოებით ისეა, როგორც ქართულ ზღაპარშია აღწერილი - „ამირან-დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი!". ჩვენს შემთხვევაში კი გიგა ბოკერია ისე მოახრჩობს სააკაშვილს, როგორც პითონი კამეჩის ზაქს. ოღონდ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ბოკერიაზე ნაკლებად ცბიერია ან ნაკლებად გარეწარი! საქმე ის არის, რომ სააკაშვილი დღეს აღარავინაა და როგორც პოლიტიკოსი, როგორც ფიგურა, უკვე წარსულია. დღეს, სააკაშვილი აღარც საქართველოს პრეზიდენტია, აღარც ოდესის გუბერნატორი და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც სამეფო კარის რომელიმე კახპა ქალბატონის ფავორიტი!
სააკაშვილი ერთი უმუშევარი, უსამშობლო და უსიყვარულო ღარიბია, თუმცა, არც ისე ღარიბი, როგორც ნარკოტიკებითა და იარაღებით მოვაჭრე, თავისი მილიარდებით", - განაცხადა წივწივაძემ.