თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას C.T.Park- თან დაკავშირებიტ ისაუბრა. როგორც ნარმანია აცხადებს, აღნიშნულ კომპანიას ხელი აქვს მოწერილი კაბალურ ხელშეკრულებაზე, ამიტომ ისინი ძალიან მყარად არიან და არცერთ გონივრულ ცვლილებაზე არ რეაგირებენ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, შემოწირულობებით 25 მილიონი ლარი ვერ შეგროვდება, რომ C.T.Park-ისგან კონტრაქტის გამოსყიდვა მოხდეს.
„C.T.Park-ს სამი ძალიან გონივრული ცვლილება შევთავაზეთ, მაგრამ მათი მხრიდან ვერცერთი ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვთავაზობდით, კომპანიასა და ბიუჯეტს შორის შემოსავლების განაწილება უფრო თანაბარი გაგვეხადა, რათა ბიუჯეტს უფრო მეტი დაფინასება მიეღო და ქალაქისთვის მეტი პრობლემის მოგვარება შეგვძლებოდა. ასევე, მათ შევთავაზეთ, ევაკუატორით პარკირება ადგილზე დაჯარიმებით შეცვლილიყო, რაზეც ასევე არ წამოვიდნენ. ჩვენი ყოველი შეხვედრა ძალიან უსიამოვნოდ, ჩხუბით მთავრდება, ვერაფერზე ვერ ვთანხმდებით და მოლაპარაკებები ფაქტიურად, ჩიხშია შესული.
ვიღაცები ამბობდნენ, რომ ოღონდ კონტრაქტი გაწყდეს და მზად ვართ, შემოწირულობები გავიღოთ და იქნებ, 25 მილიონი შეგროვდესო, მაგრამ ეს თანხა ვერ შეგროვდება. 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში 30 მილიონი ლარი შეგროვდა და C.T.Park -ის კონტრაქტის გამოსასყიდად 25 მილიონი ლარი ვერაფრით ვერ შეგროვდება. ასე რომ, თუ გვინდა, ეს კონტრაქტი გამოვისყიდოთ, 25 მილიონი ლარი სხვა რაღაცას უნდა მოვაკლოთ. მე ველოდები კონკრეტულ წინადადებას იმ ადამიანებისგან, ვინც რამდენიმე დღის წინ წინადადება დააყენა, რომ მერიამ C.T.Park -ს 25 მილიონი გადაუხადოს. მითხრან, რას მოვაკლო ეს 25 მილიონი - ჯანდაცვას, სოციალურ პროგრამებს, ტრანსპორტს თუ გზებს", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული და C.T.Park-თან ხელშეკრულება გაწყდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, არბიტრაჟის შემდეგ C.T.Park-ს 25 მილიონი ლარი უნდა გადაუხადონ.
„შეგვიძლია, ეს კომპანია გამოვისყიდოთ, თუმცა, ის შემდეგ ჩვენ უნდა ვმართოთ, ან სხვას გადავცეთ. ავტომანქანების ასეთი სიმრავლის პირობებში კი, ის სხვა ვინმეც თუ ძალიან მკაცრი არ იქნა, წესრიგი ვერ იქნება და ისევ ქაოსი გვექნება. სწორედ ესაა მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ ვართ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.