თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებულია. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ქალაქის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
„მომდევნო წელს, საბავშვო ბაღები კვლავ პრიორიტეტული იქნება. დაგეგმილია ახალი ბაღების მშენებლობა და არსებულში პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. 7 ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და 13 ახალი პროექტის მომზადების პროცესში ვართ. ჩვენი პრიორიტეტია ასევე გამწვანება. დაგეგმილია არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ - პარკების, სკვერების განახლება.
თუ წინა წლებში საშუალოდ ნახევარი მილიონი კვ.მ გზის საფარის გამოცვლა ხდებოდა, გასულ წელს ტემპი გავაორმაგეთ და 1 მილიონი კვ.მ გზის საფარის მოდერნიზაცია მოვახდინეთ. წელს კი, წლის ბოლომდე 1 400 000 კვ.მ-მდე ავდივართ. საგზაო სამუშაოები ამაზე ნაკლები არც მომავალ წელს იქნება. სწრაფი ტემპით ვიმუშავებთ, რომ გამოიცვალოს გზის საფარი და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასევე ახალი გზების მშენებლობა. მათ შორის გამოვყოფ „ვეფხი და მოყმის" ტერიტორიიდან ვაშლიჯვრის გზისკენ ასასვლელ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების განტვირთვას მოემსახურება. მომდევნო წლის ბიუჯეტში რამდენიმე ასეთი პროექტია გათვალისწინებული", - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს ავარიული სახლების გამაგრების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 45 მრავალსართულიანი სახლი გამაგრდა.
„მრავალსართულიანი სახლების გამაგრების ტემპი მომავალ წელსაც არ იქნება დაბალი და დაახლოებით, იგივე რაოდენობის სახლის გამაგრებას ვფიქრობთ. ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაიონული გამგეობები დაფინანსებას გამოყოფენ დაბალსართულიანი სახლების გამაგრებისთვის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში ჯამში, 10 გამგეობა 200-მდე ასეთი სახლის გამარგებას აფინანსებს და ეს პროცესი მომდევნო წელსაც აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა თბილისის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებიტაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ინტენსიურ ფაზაშია.
„დეკემბერში 40 ახალ ავტობუსს ველოდებით, იანვარ-თებერვალში დამატებითი პარტიები შემოვა და მომდევნო წლის მარტამდე 143 გრძელი ავტობუსი გვეყოლება. დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის ჩანაცვლების პროექტის შემდეგ ეტაპზეც მუშაობს. განვიხილავთ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს, რის შედეგადაც ყველაზე საუკეთესო მოდელს შევარჩევთ. შემდეგი ეტაპის ავტობუსები ქალაქის ვიწრო ქუჩებზეა გათვლილი და შესაბამისად, შედარებით პატარა გაბარიტის იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თმით, მეტროსადგურ „ავლაბარსა" და „სარაჯიშვილზე"დაგეგმილია მოდერნიზაცია, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.
„წელს მეტროპოლიტენის 20 ვაგონის მოდერნიზაცია მოვახდინეთ. ეს პროცესი გაგრძელდება და მომდევნო წელს 30 ვაგონის მოდერნიზაციას შევძლებთ. საბურთალოს ტერიტორიაზე შენდება დამატებითი მეტროსადგური, რომლის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება და უნდა დავამატოთ ერთი შემადგენლობა, რათა ვაგონების მოძრაობის ინტერვალი არ გაიზარდოს და მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდნენ. მეტროსადგურ „ავლაბარსა" და „სარაჯიშვილზე"დაგეგმილია მოდერნიზაცია, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია. ამასთან, მიმდინარეობს რამდენიმე სადგურის პროექტის მომზადება", - განაცხადა ქალაქის მერმა.
დავით ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები 10 მილიონ ლარამდე შემცირდება.
„ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია რამდენიმეჯერ მოხდა. ეს იყო რამდენიმე სამსახურის გაუქმება და უაზროდ მაღალი დანამატებისა და პრემიების შემცირება. ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჩვენ საერთო სამთავრობო გადაწყვეტილების ფარგლებში ვიქნებით და სხვადასხვა მიმართულებით ადმინისტრაციულ ხარჯებს 10 მილიონ ლარამდე შევამცირებთ, რაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.