ლარის კურსის დარეგულირებისთვის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების სამთავრობო გეგმას სწორ მიდგომად აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე.
ექსპერტი საქართველოს მთავრობის მეთაურს ეთანხმება მოსაზრებაში, რომ დოლარიზაცია სერიოზული პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„პრემიერის მოსაზრება, რომ კურსი უნდა ავიღოთ ეკონომიკის ზრდის მაქსიმალურად მაღალ მაჩვენებელზე და ამ გამოწვევას ბიუჯეტის პრიორიტეტები უნდა მოვარგოთ, სწორი მიდგომაა. ჩვენ გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამისთვის კი ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის პრიორიტეტები, რომელიც ეკონომიკური აქტივობის გაზრდას ემსახურება. უნდა ჩამოყალიბდეს დეფიციტის მართვის ეფექტიანი სისტემა, რაც გულისხმობს ხარჯების შემცირებას. მათ შორის მნიშვნელოვნად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება უნდა განვიხილოთ. თუმცამ, ეს არის შედარებით საშუალოვადიანი გეგმა. მოკლევადიანი მიზნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რას გააკეთებს სახელმწიფო და ეროვნული ბანკ. ვეთანხმები პრემიერს, რომ დოლარიზაცია სერიოზული პრობლემაა. დოლარიზაციის ხარისხის შემცირება უნდა იყოს მოკლევადიანი და არა საშუალოვადიანი პერიოდისთვის", - განუცხადა „პირველს" ლევან კალანდაძემ.
ექსპერტის შეფასებით, დედოლარიზაციის მიზნით აუცილებელია მოკლევადიან პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„საჭიროა, ბანკებმა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით პოლიტიკა შეცვალონ. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რადგან სამომხმარებლო სესხები სერიოზული პრობლემაა - მისი რაოდენობის გაზრდილი ხვედრითი წილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, რეალურად, უცხოურ ეკონომიკას ვაფინანსებთ. მოკლევადიანი მიზნებისთვის, გარკვეული ეფექტის მისაღებად აუცილებელია ე.წ. მაკორექტირებელი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც სავალუტო ნაკადებს გააკონტროლებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასწორზე დევს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და მისი ვერუზრუნველყოფა, ბანკები და ხელისუფლება საერთო მიზნისთვის პარტნიორები უნდა იყვნენ. დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის პირობებში მცირედი რყევაც კი საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის", - განუცხადა „პირველს" ლევან კალანდაძემ.
საქართველოს მთავრობა, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითად აქცენტს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე გააკეთებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავცრელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით; ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით. ასევე, ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით.
ადმინისტრაციის ცნობით, უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით. შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
2014 წლის ნოემბერში დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება, 2015 წელსაც გაგრძელდა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 1,75 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,18 ლარი ღირდა. 2015 წლის იანვრისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 1,88 ლ-მდე, ხოლო ევროსთან 2,18 ლარამდე დაეცა. ლარის კურსმა გაუფასურების პიკს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2,44 ლ; ხოლო 1 ევრო 2,80 ლარი ღირდა. ოქტომრიდან ლარი მცირედით გამყარდა და ბოლო თვეებში დოლარის მიმართ 2,40-ის ფარგლებში დასტაბილურდა. შედეგად, 1 წელიწადში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ 1,75-დან 2,40-მდე, ხოლო ევროს მიმართ 2,18-დან 2,60-მდე დაეცა.