სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა და დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ შესაძლოა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, რაც ავღანეთში დაპატიმრებულების წამებაში გამოიხატებოდა.
„როგორც ჩანს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრებმა როგორც მინიმუმ 61 დაპატიმრებული აწამეს, სასტიკად ეპყრობოდნენ, მათ ღირსებას ლახავდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე, 2003 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 დეკემბრის პერიოდში.
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოპერატიულმა მუშაკებმა შესაძლოა აწამეს როგორც მინიმუმ 27 დაპატიმრებული ავღანეთში, პოლონეთში, რუმინეთში და ლიტვაში, რაც გამოიხატებოდა დაპატიმრებულების წამებაში, სასტიკ მოპყრობაში, ღირსების შელახვაში და/ან გაუპატიურებაში 2002 წლის დეკემბრიდან 2008 წლის მარტის პერიოდში", - ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოველწლიურ ანგარიშში.
პროკურორების თქმით, ისინი შეეცდებიან მოიპოვონ სანქცია გამოძიების დასაწყებად, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებების წაყენება.