საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას რომ ჰყავდეს წარმომადგენელი პრაღაში, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე.
„გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. გრიგორი კარასინის ვიზავი პრაღის ფორმატში არის ზურაბ აბაშიძე. როგორც მოვისმინეთ, კარასინის განცხადებებზე პასუხი არ ყოფილა გაცემული. აბაშიძემ თავისი განცხადებით ჭკუა დაგვარიგა ქართულ მხარეს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. არ მგონია, რომ მე პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. მე მგონია, რომ პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია - როგორც ვიცით, ის არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი, ხოლო ისეთი ტიპის განცხადებებს, როგორიც კარასინმა გააკეთა, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი პრაღის ფორმატშივე.
ჩვენს სტრატეგიულ კურსს რუსეთთან ურთიერთობის რაციონალულ ჭრილში გადაყვანისა, ვერ შეცვლის ამა თუ იმ პოლიტიკოსის მძაფრი რიტორიკა. ამ სტრატეგიული კურსის უკან დგას სახელმწიფო ინტერესები. საქართველო რუსეთს უნდა ელაპარაკებოდეს მშვიდად. მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის წევრების შეცვლაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ის პრემიერის საგანგებო წარმომადგენელია. მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში.