განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2017 წლის ზამთარში მასწავლებლის საგნის გამოცდები აღარ ჩატარდება.
ამასთან, სამომავლოდ, ისევ ჩატარდება პედაგოგიური უნარების გამოცდა, თუმცა ბარიერი არც ერთ მათგანს არ ექნება. ამასთან, ამ პროცესს „გამოცდა" არ ერქმევა და შესაძლოა მას „კვალიფიკაციის დადასტურება" დაერქვას.
„პედაგოგიური უნარების გამოცდა ბრუნდება, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა. ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება. საგნობრივი გამოცდა ისევ რჩება, როგორც იყო, ოღონდ ბარიერი არც ამ გამოცდას ექნება. სიტყვა „გამოცდა" არც ერთს არ ერქმევა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ერქმევა „კვალიფიკაციის დადასტურება", „კვალიფიკაციის ამაღლება", რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში. პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უკავშირდება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრი ჯერ ვერ აკონკრეტებს, როდის ჩატარდება პედაგოგიური უნარების გამოცდა.
„ზამთარში საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება. ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა. ყოველი გამოცდა, ბარიერიანი და მისი გაშუქება ჩაჭრილი მასწავლებლების კუთხით, მასწავლებლების პრესტიჟზე კიდევ ერთი დარტყმა იყო. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რაღაც არის. ახალ რეალობაში, რამდენ ქულასაც მიიღებს პედაგოგი, იმ ქულის შესაბამის კრედიტებს დააგროვებს. ჩაჭრა, როგორც მოვლენა, დამთავრდა", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.