„ქართული ოცნების" წევრმა ლუკა კურტანიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ თუ მის კანდიდატურასთან მიმართებაში იქნება ნდობა და მზაობა შს სამინისტროს მხრიდან, ეს მისთვის ძალიან საამაყო იქნება.
კურტანიძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის გუნდის წევრების შერჩევა სხვადასხვა თანამდებობებზე მიმდინარეობს, თუმცა დასძინა, რომ ამ დროისთვის კონკრეტულ თანამდებობაზე შეთავაზება არ ჰქონია.
„ჩვენი გუნდის ლიდერები მსჯელობის პროცესში არიან და რა თანამდებობებს შემოგვთავაზებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვარ ოფიცერი შს სამინისტროში და ეს 22 წლის წინ დაიწყო. მთელი ეს პერიოდი ვიყავი სისტემის თანამშრომელი. საამაყოა თითოეული დღე, ის ტვირთი, რომელიც შს სამინისტროში ვზიდე დღევანდელ დღემდე. იცით, რომ პარლამენტში შს სამინისტროსა და ძალოვან უწყებებს ვლობირებდი, ვიყავი კომიტეტის წევრიც. ვფიქრობ, თუ ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში იქნება ნდობა და მზაობა შს სამინისტროს მხრიდან, ეს იქნება ძალიან საამაყო.
რაც შეეხება სპორტს, სპორტში ლამის გავიზარდე, განათლება მივიღე და ამ ცხოვრებით ვცხოვრობ დღესაც. ჩემთვის პრინციპულია, რომ როდესაც გუნდში ხარ, გუნდს მისცე საშუალება გვერდიდან შეხედოს, თუ სად იქნება წარმატებული ესა თუ ის ადამიანი. მეც სწორედ ეს მრავალი არჩევანი მივეცი გუნდის წევრებს, ხელმძღვანელობას", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა კურტანიძის კანდიდატურა შს მინისტრის მოადგილის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება.