განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მარიამ ჯაშმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მას გამოცდილება არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ განათლების სისტემების და მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის სფეროშიც დაუგროვდა. როგორც მან აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების დარგში ისეთივე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, როგორც ეს ჯანდაცვის მიმართულებით მოხდა.
„მე ვარ წამყვანი ავტორი საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებული 5-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმისა, სადაც არა მხოლოდ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების, არამედ განათლების სისტემის გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზებია განსაზღვრული. არაერთი კვეთა მქონდა სამეცნიერო თვალსაზრისითაც, რაც ამ შემოთავაზებას, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დავიკავო, ჩემთვის საინტერესოს ხდის. ეს ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია, რადგან განათლების სისტემა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
უფლებამოსილების დამტკიცებამდე, მე შევეცადე, დარგის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამემართა და იმ ანალიტიკურ მასალას გავცნობოდი, რომელიც დაგროვდა. სხვადასხვა საფეხურზე, ჩვენ ფუნდამენტური ცვლილებები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ არ არის აუცილებელი, ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ. საქართველოში არაერთი ინიციატივა უკვე განხორციელდა და ვფიქრობ, უნდა გავაძლიეროთ ის ფუნდამენტი, რაც თუნდაც ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ბაზაზე ჩვენ მოვახერხებთ ბიუჯეტთან ასოცირებული, ანუ განფასებული დეტალური სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, რომელიც რა თქმა უნდა, კოორდინაციაში იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში მუშავდებოდა ინიციატივა, რომელიც ბიუჯეტში ასახული არ იყო, რაც ერთგვარ კონფლიქტს იწვევდა. მზად ვარ, ამ პროცესში მოვუხმო როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და განათლებისა და მეცნიერების დარგში ისეთივე მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ, როგორი მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ჯანდაცვის მიმართულებით მოვიტანეთ", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.